ახალი ამბები

უკრაინაში საომრად წასული ოსი სამხედროები უკან დაბრუნდნენ

ოსი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად გაგზავნეს, მოულოდნელად კვლავ ცხინვალის რეგიონში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობით, ბრძოლაზე უარი განაცხადეს.

ტელეგრამის ოსურ არხებზე 30 მარტს გავრცელებულ ფოტოში ჩანს, თორმეტამდე სამხედრო, რომლებიც, რუსეთთან დამაკავშირებელ როკის გვირაბთან, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს, სავარაუდოდ, ფეხით გადაადგილდებიან.

ცხინვალელმა ბლოგერმა, ალიკ პუჰატიმ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის, დაახლოებით, 300 სამხედრო ოკუპირებულ ცხინვალში „საკუთარი ნებით“ დაბრუნდა.

მისი ინფორმაციით, სამხედროების უმრავლესობა ეთნიკურად ოსი იყო.

„მათ იფიქრეს, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, სასიკვდილოდ დატოვეს“, – თქვა მან.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორატმა 30 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ტაქტიკური ჯგუფის ბატალიონის თითქმის სრულმა შემადგენლობამ უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა.

ამავე ინფორმაციით, ჯარები უკრაინიდან დაახლოებით 50 კმ-ში მდებარე კუზმინსკის პოლიგონზე გადაიყვანეს და სცადეს მათი დარწმუნება, რომ ბრძოლას დაბრუნებოდნენ, თუმცა „დავალებების გაგრძელებისკენ მოწოდებები წარუმატებელი აღმოჩნდა“.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა ცხინვალის მე-4 სამხედრო რუსული ბაზიდან, რომელშიც რუსი სამხედროები და ოსი კონტრაქტორების რუსეთის მეთაურობის ქვეშ მსახურობენ, ტაქტიკური ჯგუფის სამი ბატალიონის 1 200 სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანა.

ცხინვალის ხელმძღვანელობა კრიტიკის სამიზნე გახდა 

„ჩვენი სამხედროების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებამ მთელი ოსი ხალხი შოკში ჩააგდო“, – თქვა 23 მარტს ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ.

„ვერც ვიფიქრებდით, რომ პრობლემები ასე მასშტაბურია“, – დაწერა მან ტელეგრამზე და დასძინა, რომ მათ „წაართვეს შესაბამისი აღჭურვილობა“.

როდესაც სამხედროები ცხინვალში დაბრუნდნენ, კოკოითიმ განაცხადა: „არავის აქვს მათი გაკიცხვის ან სიმხდალეში დადანაშაულების უფლება“.

„უნდა გავერკვეთ იმის მთავარ მიზეზში, თუ როგორ მოხდა [ეს] და დავადგინოთ რა ხერხებით მოხდა მათი [ომში] მონაწილეობის ორგანიზება“, – აღნიშნა კოკოითიმ.

მისივე თქმით, სამხედროები დაბრუნდებიან უკრაინაში, თუკი „ამას საჭიროდ მიიჩნევენ, და მათი მონაწილეობის სათანადო ორგანიზება იქნება უზრუნველყოფილი“.

პარალელურად, ოსური საკითხების მიმოხილველმა, რუსლან ტოტროვმა 31 მარტს ბიბილოვი რუსულ არმიასთან ოსი სამხედროების ძალისმიერი შერწყმის გამო გააკრიტიკა.

უკრაინაში ცხინვალის ჯარების განლაგებაზე საუბრისას, ტოტროვმა თქვა, რომ „[სამხრეთ] ოსეთის ჯარისკაცებსა და რუს მეთაურებს შორის თავიდანვე არ არსებობდა კავშირი, რადგან პირველებმა არ შეასრულეს მეორის სტრატეგია და ტაქტიკა იმ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდნენ ბრძოლაში”.

„იყო მოლოდინი, რომ ოსები კამიკაძის სტილში შეუტევდნენ კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებს, ყოველგვარი კარგად გააზრებული სტრატეგიის გარეშე“, – დასძინა ტოტროვმა.

თავის მხრივ, ბიბილოვმა უკრაინაში ოსი სამხედროების გაგზავნის შესახებ ცნობები პირველად 20 მარტს დაადასტურა.

„მე არ გამიცია ბრძანება მე-4 სამხედრო ბაზისთვის, რადგანაც ეს რუსული არმიაა, მაგრამ როდესაც ჩვენი მეგობარი სამიზნეა… ჩვენ გვერდით დავუდგებით და მხარდამხარ ვიბრძოლებთ“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button