skip to content
ახალი ამბები

ოლივერ ვარჰეი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი დღესვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს და ამ კონტექსტში, პოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მათვე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრეს ევროპისა და აზიის დაკავშირების მიმართულებით.

„საუბარი ასევე შეეხო, იმ უდიდეს პოტენციალს, რაც რეგიონს და საქართველოს გააჩნია ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კუთხით“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ამავე რელიზის თანახმად, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში დახმარებაა. „ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ“, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროკომისრის სიტყვებზე დაყრდნობით.

„ევროკავშირი მოუთმენლად ელის საქართველოს შემოსვლას ჩვენს ევროპულ ოჯახში“, – დაწერა თავის მხრივ ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ შეასრულოს [ევროკომისიის] 12 პრიორიტეტი“.

„ევროკავშირი მტკიცედ და თანმიმდევრულად ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ხაზი გაუსვა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button