ახალი ამბები

ოლივერ ვარჰეი თბილისს სტუმრობს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი, თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს, სადაც 15 ნოემბერს იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა

  • ევროკავშირისკენ გზა

ევროკომისართან ერთად გამრთულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოლივერ ვარჰეის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე გაწეული „პირადი წვლილისთვის“ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის არის „ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, ჩვენი ხალხის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი“.

აღნიშნა რა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ეს ოლივერ ვარჰეის პირველი ვიზიტია საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „დიდ მოტივაციასთან“ ერთად „ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი მმართველი ძალისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ხალხისთვის“.

„ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, ზედმიწევნით“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ევროპული არჩევნის ერთგულია.

„ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი თაობების ოცნება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი და ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი მიღებიდან ერთ კვირაში ქართულმა ოცნებამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა და ყველა აქტორს გაუხსნა კარი.

თუმცა მანვე ხაზი გაუსვა, რომ, „სამწუხაროდ“, რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის პროცესში ამ პროცესში არ არის ჩართული ოპოზიცია, „რომლის პირდაპირი ვალდებულება არის, სწორედ აი ამ რეკომენდაციების, მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება – ეს არის დეპოლარიზაცია“.

„ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის“, – აღნიშნა ირაკლი საქართველოს პრემიერმა და დასძინა, რომ კანდიდატის სტატუსი არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქვეყნის კუთვნილებაა.

„ეს ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის. ამიტომ ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელი არის მათი ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რეკომენდაციების შესრულების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა – „მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე შევასრულებთ“.

  • ოკუპაცია 

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაასახელა და თქვა, რომ „ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“.

პრემიერმა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ეს ერთადერთი გამონაკლისი პერიოდია, როდესაც ქვეყანაში „უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურიბა[ა]“.

„ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ამავდროულად ჩვენი პრინციპულობით, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

  • ომი უკრაინაში

მანვე რეგიონის ერთ-ერთ „ძალიან დიდ“ გამოწვევად უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი დაასახელა და აღნიშნა, რომ „ჩვენი საერთო სურვილი არის, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • ეკონომიკა

პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ევროკავშირის „აქტიური დახმარებაც“ აღნიშნა, მათ შორის, ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის მიმართულებებით.

„ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიური, ძალიან ძლიერი პარტნიორობაა და რაც მთავარია – ეს ურთიერთობები დამყარებული არის ჩვენს საერთო ფასეულობებზე და საერთო ინტერესებზე“, – განაცხადა მან.

ოლივერ ვარჰეის სიტყვა

  • ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ „საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა“. მანვე დასძინა, რომ ამ მიზნისთვის მთელმა საქართველომ და თითოეულმა ქართველმა უნდა იმუშაოს.

„ისტორია არასოდეს იძლევა იმავე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამისთვის უპირველეს ყოვლისა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაა საჭირო.

ამ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ხედავს უკვე გადადგმულ ნაბიჯებს რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ოლივერ ვარჰეიმ ასევე აღნიშნა, რომ “ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება, მაგალითად გვჭირდება სრულიად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სააგენტო, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ – მე მესმის რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა – და რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ასევე იცით დანარჩენი 12 პრიორიტეტი”.

“რადგანაც რაც უფრო სწრაფად მოაგვარებს საქართველო 12 პრიორიტეტის საკითხს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ თავის ევროპულ გზაზე”, – დასძინა ევროკომისარმა.

  • ენერგოუსაფრთხოება

ოლივერ ვარჰეიმ ენერგოუსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა – „გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი – გვინდა, თქვენთან დავამყაროთ პარტნიორობა, ევროპისთვის სანდო ენერგომოწოდების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ კონტექსტში „შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი“. ევროკომისრის თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელი „სიმბოლური“ და „ისტორიული“ მნიშვნელობის არის, რამდენადაც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, “გვჭირდება სანდო პარტნიორები“ უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში. “საქართველო შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი”, – დასძინა მან.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ „შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმა წყლის ელექტროკაბელთან დაკავშირებით“. „იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები“.

საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელ პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, ევროკომისარმა ვარჰეიმ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, მან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის აშენებას გეგმავს, რომელსაც მისივე თქმით, ევროპაში გაზის შეტანისთვის დამატებითი სიმძლავრეების შექმნა შეუძლია.

„ყველა ამ პროექტის ფონზე, მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა მივცეთ“, – ხაზი გაუსვა ევროკომისარმა.

შენიშვნა: მასალა განახლდა 16 ნოემბერს 13:00 საათზე და ევროკომისრის გამოსვლის განახლებულ ვერსიას ასახავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button