ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას სტუმრობდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც იგი 8 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ამავე კონფერენციის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე გამოსვლა

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა კლიმატის ცვლილება „ჩვენი თაობის“ ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა და აღნიშნა, რომ „საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები გვჭირდება“.

მისივე თქმით, საქართველო განიხილავს პარიზის ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და „აქვს 2025 წელს ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია“. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობისა და შედეგების შერბილების მიზნით, საქართველომ 2030 წლისთვის კლიმატის ცვლილების „ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც“ შეიმუშავა.

„გრძელვადიანი და დაბალი ემისიის სტრატეგიით, საქართველო მიზნად ისახავს ერთიანი ეროვნული ძალისხმევითა და საერთაშორისო მხარდაჭერით 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბშივლმა და დასძინა, რომ „საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს“, რომლის „85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია“.

„გარდა ამისა, ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები“, – ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერმა.

ხაზი გაუსვა რა, რომ კლიმატის ცვლილების მიმართულებით წარმატებას „მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა – „მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ მოქმედებებში, იმისათვის, რომ დავიცვათ კლიმატი“.

მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით კონფერენციის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილი დისკუსიის – ,,ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში“ – მონაწილეებსაც მიმართა, მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მანვე არსებული გამოწვევების მიზნით ალტერნატიულ-სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების ჩადების აუცილებლობა აღნიშნა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით მეტი ინვესტირების მიმართულებით საქართველომ უკვე გადადგა „მნიშვნელოვანი ნაბიჯები“.

გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით“.

„ამ მიზნით, შავ ზღვაში საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის იდეაზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს სტრატეგიული პროექტი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მწვანე განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს“, – თქვა საქართველოს პრემიერმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისტორიული ცვლილებების განხორციელება, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა და გლობალურ კლიმატის ცვლილებაში დადებითი გრძელვადიანი ცვლილებების მოხდენა“.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ასევე სტუმრობდნენ – საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button