skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს ოფიციალურად უმასპინძლა, რის შემდეგაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და მედიისთვის ოფიციალური განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა

სიტყვის დასაწყისში პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და დასძინა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დღეს გაფორმებული დეკლარაცია „დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს“.

აღნიშნა რა, რომ „ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა“, პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ ორბანის მთავრობამ „ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა“, რომელთაგან საქართველომ „ძალიან ბევრი მაგალითი“ გადმოიღო. „გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში არსებულ „ძალიან კარგ თანამშრომლობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და ვიქტორ ორბანს მის ქვეყანაში ქართველი სტუდენტების სწავლების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს“. „ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი“, – დასძინა მან.

ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო „აქტიურად მუშაობს“ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. „ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“.

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს [და] ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების სურვილზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ არა მხოლოდ სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში“.

„ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ ნატოს მისიებში, ერაყში, ავღანეთში, ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“. დაადასტურა რა, უნგრეთის პრემიერისა და მისი პოლიტიკის მიმართ „დიდი პატივისცემა“, საქართველოს პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერსები დავიცვათ ამ რთულ დროს“.

პრემიერმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „არის აბსოლუტურად მიუღებელი“. მანვე საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ „ყველა პლატფორმაზე“ გამოხატული მხარდაჭერაც აღნიშნა და დასძინა, რომ „ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი“.

„ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

სიტყვის დასასრულს, იგი ასევე მიესალმა უნგრეთის პრემიერის ინიციატივას, თბილისში ერთობლივ სამთავრობათაშორისო შეხვედრის გამართვის შესახებ და დასძინა – „მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა მიიღო ჩვენი მოწვევა, ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ ვუმასპინძლოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოში“.

ვიქტორის ორბანის სიტყვა

თავის მხრივ, პრემიერმინისტრმა ორბანმა ევროპის ენერგოკრიზისზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მხოლოდ გაზრდილი მიწოდება შეამცირებს ფასებს. უნგრეთი „ებრძვის ინფლაციას, რაც დიდწილად ენერგიის მაღალი ფასებითაა განპირობებული“, – აღნიშნა მან.

უნგრეთის პრემიერმიერის თქმით, „ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ყოვლისმომცველი სქემა მუშავდება“, რა დროსაც უნგრეთი გეგმავს, რომ „ახალი უზარმაზარი ელექტროქსელი“ ჩამოაყალიბოს, რომლის მეშვეობითაც მოხდება აზერბაიჯანული ენერგიის მიწოდება უნგრეთისთვის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ახალი ენერგომომარაგება საშუალებას მისცემს უნგრეთს, რომ ჩაანაცვლოს დიდი რაოდენობით ბუნებრივი გაზი, რომელიც ამჟამად ელექტროგენერაციისთვის გამოიყენება.

საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელმა „ძალიან ცუდი, დისკრიმინაციული გადაწყვეტილება“ მიიღო, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიანიჭა, ხოლო საქართველოს არა. „ეს აუხსნელი, მორალურად მიუღებელი და საზიანო გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ „დაიმსახურა“ კანდიდატის სტატუსი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავაც ემხრობა საქართველოსთვის „უმოკლეს დროში“ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და განაცხადა, რომ ქვეყანა საქართვლოში ექსპერტებს გაგზავნის, რათა მათ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის მზადებაში დაეხმაროს.

რაც შეეხება უკრაინის ომს, პრემიერმინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი „ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა და ეს ძალიან ჰგავს საქართველოს მიდგომას“.

შენიშვნა: მასალას პრემიერმინისტრ ორბანის განცხადება დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button