სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობის შემდეგ, 7 ნოემბერს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩსა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრს, კატრინ იაკობსდოტირს შეხვდა.
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა, რა დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „არცერთი დემოკრატია არ არის სრულყოფილი, თუმცა საქართველო იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს“. „შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პარტნიორებისაგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე“.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზეც ისაუბრეს, რაზეც „ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება“.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დემოკრატიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აბრკოლებს პოლარიზაცია“.
,,პოლარიზაცია აუცილებლად უნდა დავძლიოთ და შევამციროთ, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ის გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ამ მიზნით მის მიერვე წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესზე გაამახვილა ყურადღება.
სალომე ზურაბიშვილმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 2023 წელს დაგეგმილ თბილისის ქალთა კონფერენციაზე მოიწვია.
Excellent meeting @coe today w/President @Zourabichvili_S of Georgia / Excellente réunion aujourd'hui @coe_fr avec Madame la Présidente @Zourabichvili_S de la Géorgie @GeoMissionCoE1 pic.twitter.com/c30dTzTq6O
— Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) November 7, 2022
ისლანდიის პრემიერთან შეხვედრა
ისლანდიის პრემიერმინისტრთან, კატრინ იაკობსდოტირთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. მხარეებმა გენდერული თანასწორობაზე, ბავშვთა უფლებებზე და კლიმატის ცვლილებზეც იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი და ისლანდიის პრემიერის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსაც შეეხნენ, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი.
რეგიონში შექმნილ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „პატარა სახელმწიფოებმა ერთიანი ძალისხმევით უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი და გათვალისწინებული“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თბილსში დაგეგმილ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ისლანდიის პრემიერიც მოიწვია.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/11/2022 – არასამთავრობოები და მედია მიმართავენ შარლ მიშელს პრეზიდენტთან გვარამიას შეწყალებაში უშუამდგომლოს
- 07/11/2022 – ევროპარლამენტარები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)