სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობს, სადაც 7 ნოემბერს, სტრასბურგში „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დემოკრატიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, რუსულ ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციასა და პოლარიზაციაზე ისაუბრა.
დემოკრატიის მიმართულებით გამოწვევები და რუსული ოკუპაცია
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დემოკრატიზაცია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1918 წელს, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებით დაიწყო, თუმცა ეს პროცესი „რუსეთის შემოჭრამ და რუსულმა ოკუპაციამ შეაფერხა“. „შემდეგ იყო 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმი, რომელმაც მენტალიტეტის ცვლილება, რეპრესიები, იზოლაცია მოიტანა“.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ დემოკრატიული მიმართულება 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კვლავ აიღო, თუმცა „მაშინაც იყო რუსეთის ახალი იერიში სეპარატისტული ტერიტორიის მეშვეობით“. „მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცოდა, დასავლეთს მაშინ არ სურდა იმის დანახვა, რომ ეს იყო რუსეთის იერიში თავისი შეიარაღებითა და ჯარით და შემდეგ კვლავ 2008 წელს“.
განაცხადა რა, რომ ევროპის საბჭო პირველი ევროპული ინსტიტუტია, რომელშიც საქართველო გაწევრიანდა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები გაიხსენა და თქვა – ,,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ასე ფიქრობს და ეს სურს მოსახლეობის 80%-ს“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიღწევია იდეალური დემოკრატიისთვის, თუმცა რომელმა თქვენგანმა მიაღწია დღეს? ჩვენ ვნახეთ პერიოდები, როცა რეფორმები სწრაფად წავიდა და ისეთი პერიოდებიც, როცა ნაკლებად სწრაფად, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამ კონტექსტში მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიან ომს გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ამ გამოწვევას „შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას მთლიანად უკრაინელი ერი“. „რაც კიდევ უფრო გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ამ ერის სრული ერთობაა. ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ომში წარმატებულია“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მთლიანად უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატა პატივისცემა.
ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით თქვა, რომ „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბაზა დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“.
„ეს არაა დამამშვიდებელი სიტუაცია, ეს ის სიტუაციაა, რაშიც ვცხოვრობთ და რომლის მიუხედავადაც, ვავითარებთ ამ დემოკრატიულ გამძლეობას, მიუხედავად იმისა, რომ არაიდეალურია“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
ევროინტეგრაცია
ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა აღნიშნა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა“.
- 17/06/2022 – კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
- 17/06/2022 – ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
„ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ, შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია“.
მანვე განმარტა, რომ „დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს“ და „საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა“. „გზავნილი გაგებულ იქნა – თქვენ არ ხართ სრულყოფილნი – და არ ვართ სრულყოფილნი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა [ევროკავშირის წევრობის] და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია რომ, რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლარიზაცია
პოლარიზაციაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის თანაბრად შემოიჭრა, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე მედიასა და ეკლესიაში, რომელიც „ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში“. „აღარ ენდობი სხვას, როცა ფიქრობ, რომ სხვა უკვე მტერია, მაშინ, როცა მტერი საზღვართან გყავს“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ ვართ უსაფრთხოების ზონაში, „პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/11/2022 – არასამთავრობოები და მედია მიმართავენ შარლ მიშელს პრეზიდენტთან გვარამიას შეწყალებაში უშუამდგომლოს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)