skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები და მედია მიმართავენ შარლ მიშელს პრეზიდენტთან გვარამიას შეწყალებაში უშუამდგომლოს

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაში უშუამდგომლოს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს პატიმრობაში დატოვა.

„თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ“, – ნათქვამია შარლ მიშელი მისამართით 7 ნოემბერს გავრცელებულ წერილში.

მიმართვის ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ მათი „ღრმა რწმენით“, ნიკა გვარამიას საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულია“, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები კი – „უსაფუძვლო“. „ამაზე მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი მოსაზრებებიც“.

მათი მტკიცებით, ნიკა გვარამია პატიმრობაში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ „არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე“. „მის მიერ შექმნილი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კი – სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმისა და შევიწროვების მუდმივი ობიექტია“.

„ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აცხადებენ საერთო მიმართვის ავტორები და დასძენენ, რომ „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს მისი დაპატიმრების ფაქტს“.

„საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე გამოწვევებისა და კრიტიკული მედიის მიმართ ქართული ოცნების აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით“, მიმართვის ავტორები არ ელიან, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში.

ამდენად, ისინი მიიჩნევენ, რომ „ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება“. „საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა ამ თხოვნით“, – ხაზს უსვამენ მიმართვის ავტორები.

ამ მომენტისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი მიმართვას 30 არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება აწერს ხელს და მათი სია განახლებადია. სხვებთან ერთად ხელმომწერებს შორის არიან: „ღია საზოგადოების ფონდი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „მთავარი არხი“; „ფორმულა“; ტელეკომპანია პირველი“; „ნეტგაზეთი“; „პუბლიკა“; „ბათუმელები“; „on.ge“ და სხვ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button