ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 2 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრზე იმსჯელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი, რა დროსაც ილია დარჩიაშვილმა ახალ ელჩს ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში.

მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს და რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით ევროკავშირის როლს გაუსვეს ხაზი.

„ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button