skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ქვეყნები ერთხმად: „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, გამოაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 23 ივნისს გვიან საღამოს.

„ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, — თქვა პრეზიდენტმა მიშელმა ტვიტერზე.

საქართველოსაგან განსხვავებით, ევროპულმა საბჭომ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიანიჭა.

პრეზიდენტ მიშელის განცხადებას ტვიტერზე მალევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი. „ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად“, — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამბავს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც: „ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში“, დაწერა საგარეო მინისტრმა დარჩიაშვილმა.

ამ გადაწყვეტილებით, ევროპულმა საბჭომ — რომელშიც 27 წევრი ქვეყანა შედის — უცვლელად გაიზიარა ევროკომისიის, აღმასრულებელი შტოს, რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი პირდაპირ უნდა მიეღოთ, საქართველომ კი სტატუსის მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

„დღეს კარგი დღეა ევროპისათვის. ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრეზიდენტ მაია სანდუსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, — დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „თქვენი ქვეყნები ევროპული ოჯახის ნაწილი არიან“, — თქვა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სამივე ქვეყანას აქვს სამუშაო პროცესის შემდეგ  ეტაპზე გადასასვლელად. „ვიცი, რომ ამას ისინი სწრაფად გააკეთებენ. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი დემოკრატიისათვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისათვის“, — დასძინა მან.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირის პირველი დიპლომატი ჟუზებ ბორელიც. მისი თქმით, „ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა… მზად ვართ, ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, რათა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ევროპული მომავლის ასაშენებლად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button