skip to content
ახალი ამბები

შარშან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს

„სამოქალაქო საქართველოს“ 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს, რომ ამავე სასამართლოსთან გასული წლის ნოემბერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანსა და კიდევ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი წინასწარი პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

მედიის ცნობით, დაკავებულებს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად მოსამართლემ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა. მათგან ორი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, ბესიკ თამლიანი კი – სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა და მას დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლებენ.

საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაგრძელდება.

თამლიანი გირაოს გადახდას არ აპირებს

წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულმა ბესიკ თამლიანმა, მედიასთან საუბარში თქვა, რომ იგი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, „ისედაც 2 დღე იყო დარჩენილი [წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე] და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე, როდესაც ხალხს 2 დღე რჩება ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა“.

„მეორეჯერ გამოვდივარ გირაოთი ციხიდან, თუმცა მეორედ არ მახატია სახეზე სიხარული, ან განცდა რომ კმაყოფილი ვარ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწერს ხელისუფლება დადებით სტატისტიკას, რომ ხალხს გირაოთი აკმაყოფილებენ“, – განაცხადა მან.

თამლიანმა ასევე დასძინა, რომ მას იზოლატორშიც „ეჯიკავებოდნენ“ და მათ ნებას „დიდი ხვეწნის შემდეგ“ დაჰყვა. „გირაოს გადავიხდი თუ არა, პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, – აღნიშნა მანვე.


ბესიკ თამლიანი კიდევ სამ პირთან ერთად სისხლის სამართლებრივი წესით 2021 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მაშინ, შსს ამბობდა, რომ აქციაზე დაკავებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სასამართლომ თამლიანს წინასწარი პატიმრობა 2021 წლის 1 დეკემბერს შეუფარდა.

თავად თამლიანი ბრალს არ აღიარებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (1-ელი) და 3531 (1-ელი) ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობის გაწევას და მასზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2-5-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 26 აგვისტოს, 17:50 სთ-ზე ბესიკ თამლიანის კომენტარის შესაბამისად განახლდა.
 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button