Placeholder canvas
ახალი ამბები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ბესიკ თამლიანი, რომელიც ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს და ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

გიგი უგულავასთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და გიორგი რურუასთან ერთად, ბესიკ თამლიანი ერთ-ერთი ის „პოლიტპატიმარია“, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. მათ 9 მარტს ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს და საქართველოს პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მოუწოდეს, რომ „პოლიტპატიმრების“ დროულად გათავისუფლებისთვის, „მათ ხელთ არსებული [ყველა] ლეგიტიმური ინსტრუმენტი“ გამოიყენონ.

საქალაქო სასამართლომ 13 მარტს გამართულ სხდომაზე დაკავებულის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. იგი თამლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 1000 ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება „ეფუძნება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე“.

საპირისპირო თქვა ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა, რომელმაც განმარტა, დაცვის მხარემ „კარგად“ დაასაბუთა და „არანაირი წინაპირობა“ იმისთვის, რომ თამლიანის წინასწარი პატიმრობა გაგრძელდეს, კანონის თანახმად, აღარ არსებობს“.

„არ არსებობს, მისი მიმალვის საფრთხე… მათ შევთავაზეთ, რომ გაეკეთებინათ მისთვის ელექტრონული სამაჯური. ვუთხარით, რომ ამოწურულია ბრალდების მოწმეების დაკითხვა და შესაბამისად, აღარ არსებობს შესაძალებლობა, რომ მათზე მოხდეს ზემოქმედება“, – განმარტა მანვე.

მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა ბესიკ თამლიანის დედამ რუსუდან თამლიანმაც და თქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება „პოლიტიკური დაკვეთა იყო“. „გარედან ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემს შვილს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანონ“, – განაცხადა მანვე.

საქმის პროკურორის ვაჟა თოდუას განმარტებით, ბესიკ თამლიანს ბრალდებასთან შეთანხმების გაფორმება რამდენჯერმე შესთავაზეს, რაც მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გამოიწვევდა თუმცა, მისივე თქმით, ბესიკ თამლიანმა „უარი განაცხადა შეთანხმების დადებაზე და მოითხოვა საქმის არსებითი განხილვა“.

„20-21 ივნისის საქმეზე არაერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამარლთებრივი დევნა. მათ აღიარეს წარდგენილი ბრალდება, უდავოდ გახადეს ბრლადების მხარის მტკიცებულებები და ყველა მათგანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები“, – განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ბესიკ თამლიანს წინასწარი პატიმრობის ვადა აპრილის დასაწყისში ეწურება.

მანამდე, ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პირთან: კახაბერ კუპრეიშვილთან, ცოტნე სოსელიასთან და ზურაბ ბუდაღაშვილთან ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და სამივე დაკავებული სასამართლომ 6 მარტს დარბაზიდან გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, რაც საპროცესო შეთანხმების გათვალისწინებით, 3-წლიანი გამოსაცდელი, პირობითი მსჯავრით შეეცვალათ. ამასთან, სასამართლომ სამივე მათგანს 2000-2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში, სულ, 19 პირი მისცეს. მათ შორის, ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია. ნიკა მელია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ირაკლი ოქრუაშვილი კი – დღემდე პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ისინი სასამართლომ სხვადასხვა დროს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა, მათ შორის იყო აქტივისტი ლევან ჯიქურიც, რომელსაც პატიმრობის დროს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. საბოლოოდ, იგი გასული წლის აგვისტოში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჯიქურის გათავისუფლებას წინ 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება უძღოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა. ამ ბრალდებით, ჯამში, სულ სამი სამართალდამცველი იყო დაკავებული. სამივე მათგანი თავისუფალია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button