skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სისხლის სამართლებრივი წესით 4 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები საპროტესტო აქციაზე არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (1-ელი) და 3531 (1-ელი) ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს განმარტებით, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ დაცვის პოლიციის ჯიხურიდან ჩამოსვლისა და პროტესტის უსაფრთხო ადგილზე გაგრძელების მოთხოვნას.

ამავე ინფორმაციით, ერთი ბრალდებული – ბესიკ თამლიანი სამართალდამცველებმა 29 ნოემბერს, 3 კი – 1-ელ დეკემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2-5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბესიკ თამლიანს სასამართლომ 1-ელ დეკემბერს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. თამლიანი ბრალს არ აღიარებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს რამდენიმე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილეს პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „კავკასიის“ ოპერატორი.

იმავე დღეს, შსს-მ განაცხადა, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე საფუძველზე 15 პირი დააკავა. შსს-მ აქციაზე „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებაც დაადასტურა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button