skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, დღეს მისსავე სასამართლო პროცესზე გადაიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმე განიხილება, სადაც ექსპრეზიდენტს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მხარდამჭერები ახლოს მდებარე ღობეზე აძვრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარების მანქანაში უვლიან. ამის შემდეგ, აქტივისტებმა სასამართლოს შენობისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე

„მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას [სასამართლო პროცესზე] დასწრების შესაძლებლობას აძლევს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. მანვე გაიხსენა, რომ მანამდე, აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უზრუნველეყო მისი დასწრება საკუთარ სასამართლო მოსმენებზე, რისი უფლებაც მას გააჩნია.

აშშ-ის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს კონსტიტუციაშიც დაფიქსირებულია ყველა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, სურვილის შემთხვევაში, სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება“.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლო პროცესის მსვლელობისას პასუხისმგებლობით მოიქცევიან და „მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში არ ჩაერევიან“.

წინაისტორია

მანამდე, 10 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს იმავე საქმეზე მიმდინარე სასამართლო მოსმენაზე დასწრებაზე უარი უთხრა და ამის მიზეზად უსაფრთხოების რისკები და მაშინ ჯერ კიდევ მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არც 14 და 16 ნოემბერს დაასწრეს, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეები განიხილებოდა.

16 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მოუწოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომ უზრუნველეყო ექსპრეზიდენტის მისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრება. ომბუდსმენმა სასამართლოსაც მიმართა, რომ მიეცა სააკაშვილისთვის საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა 18 ნოემბერს მკაცრად მოუწოდა ხელისუფლებას, უფლება მისცენ სააკაშვილს დაესწროს მიმდინარე სასამართლო სხდომებს, „საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა და მხოლოდ 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. სააკაშვილს სასჯელი დაუსწრებლად უკვე ორ საქმეზე აქვს მისჯილი. კიდევ სამ საქმეზე, მათ შორის, საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე კი – მას ბრალი აქვს წაყენებული. სააკაშვილი მის მიმართ წყანებულ ბრალდებებს არ აღიარებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოათავსეს, მოგვიანებით კი – 8 ნოემბერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილი 19 ნოემბერს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც წინა დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მან დროებით გონებაც დაკარგა.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button