skip to content
ახალი ამბები

პრემიერი საქართველოს ომში ჩართვაზე, სტრატეგიულ პარტნიორებსა და „რადიკალურ“ ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 28 ივლისს, სვანეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიას სტუმრობს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ომში ჩართვაზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობასა და „რადიკალურ“ ოპოზიციაზეც ისაუბრა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე, საქართველომ „ძალიან დიდი განსაცდელი“ გამოიარა და მიუხედავად „ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა“ მმართველმა გუნდმა მოახერხა, რომ ქვეყანას ომი აარიდა.

„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეროვნული პოლიტიკით შევუნარჩუნეთ მშვიდობა სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას…, ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ, ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ელჩ დეგნანთან დაპირისპირება და ოცნებიდან წასულების „ანტიდასავლური კამპანია“

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო ხელისუფლებამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან დაპირისპირება, პრემიერმინისტრმა უპასუხა, იგი, როგორც პრემიერმინისტრი „დიდ მნიშვნელობას“ ანიჭებს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას და გააკეთებს „მაქსიმუმს“, რათა აშშ-თან და ევროპასთან არსებული ურთიერთობები, კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს.

„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა, სხვა ყველაფერი, ყოველგვარი სპეკულაციები, არის საფუძველს მოკლებული“.

ქართული ოცნებიდან გასულების მიერ დაწყებული „ანტიდასავლური კამპანიის“ შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ „ჩვენ ვქმნით დემოკრატიულ საზოგადოებას“, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს და მით უმეტეს პოლიტიკოსს ნებისმიერ კითხვის დასმის უფლება აქვს. „ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ქვეყანაში“, – დასძინა მან.

რადიკალური ოპოზიციის მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა არ არის

პრემიერმინისტრმა „რადიკალური ოპოზიციაც“ გააკრიტიკა იმისთვის, რომ უარს ამბობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობაზე.

ხაზი გაუსვა რა, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, ოპოზიცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არ არის, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის „სურვილი არ არის არც კანდიდატის სტატუსის მიღება“.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, რაც დასრულდა ფიასკოთი და ყოველთვის ასე დასრულდება… ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება… და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.

მანვე იქვე დასძინა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსტირუქციული დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ „ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზების დასრულებისა, ისინი ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას“.

„[თუმცა] ჩვენი მხრიდან, რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ ჩვენზე არავითარი კითხვა არ დარჩეს არცერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს“, – ხაზგასმით აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები რუსეთისთვის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად მოქმედებენ.

„ყოველგვარი სპეკულაციები და ბრალდებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავეთ და მომავალში ასე გავაგრძელებთ“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

კურორტ ბიჭვინთის თემა

ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში კურორტ ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან“.

„მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“, – მიმართა მან ოპონენტებს და ყოფილი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს კოდორის ხეობისა და 100-ზე მეტი სოფლის დაკარგვაში დაადანაშაულა.

„ჩვენ, ჩვენი გონივრული პოლიტიკით, ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ, ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქეყანას გავაერთიანებთ“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მობრუნება და სასამართლო სისტემა

პოლიტიკაში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ შესაძლო მობრუნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მისი „დაბრუნების შესახებ ყოველგვარი სპეკულაციები, არის სპეკულაციები, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სასამართლოს მიმართ გამოთქმული წუხილების შეფასებისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენს რეგიონში. ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას[აც] უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალობით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button