skip to content
ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ მმართველი გუნდის გზავნილს იმეორებს

ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ 27 ივლისს გავრცელებულ მეორე წერილში გაიმეორა მმართველი გუნდის გზავნილი, რომ „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია“.

ივანიშვილის შეფასებით, რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და „უდიდესი სირთულეების“ მიუხედავად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ „სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა“.

ხაზი გაუსვა რა, რომ ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩარევის უშუალო საფრთხე „დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული“, ქართული ოცნების დამფუძნებელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, „გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება“, რათა „საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც „ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული“, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ იმაზე იზრუნოს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არ დაზიანდეს.

ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან წარმოქმნილი „პირადი პრობლემა“ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ურჩევნია ბანკთან მისი ურთიერთობა „პირად პრობლემად“ დატოვოს და საზოგადოებას თავს ზედმეტად არ მოახვიოს. „იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“, – დასძინა მან.

წერილის დასასრულს, ქართული ოცნების დამფუძნებელმა მმართველი პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასული დეპუტატების – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისა და შესაძლო „შანტაჟის“ შესახებ დასმულ საჯარო კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

საგულისხმოა, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, 21 ივლისს, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი ქართული ოცნების დამფუძნებელს „საკმაოდ დიდი ხანია არ შეხვედრია“და ივანიშვილის შანტაჟიც არასდროს უცდია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button