Placeholder canvas
ახალი ამბები

კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმიანება

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლსა და ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 21 მარტს ნამდვილად შეხვდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მასთან „არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას“.

კელი დეგნანის პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 ივლისს გავრცელებულ წერილს მოჰყვა, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებელმა მმართველი პარტიიდან ცოტა ხნის წინ გასული სამი დეპუტატის – მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისა და შესაძლო „შანტაჟის“ შესახებ დასმულ საჯარო კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

„ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას“, – წერს ინტერპრესნიუსი კელი დეგნანის სიტყვებზე დაყრდნობით, 28 ივლისს გამოქვეყნებულ მასალაში.

ამავე ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ საჯაროდ აცხადებს და „სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს“.

„შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, – ვკითხულობთ მასალაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button