skip to content
ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ნაწილთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე 7 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მედიის ცნობით, პარლამენტში გამართულ შეხვედრას შალვა პაპუაშვილის გარდა ქართული ოცნებიდან ასევე ესწრებოდნენ – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მიხეილ სარჯველაძე. შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციიდან წარმოდგენილნი იყვნენ – ანა ბუჩუკური, პარტიიდან საქართველოსთვის; მოქალაქეების დეპუტატი, ლევან იოსელიანი; რესპუბლიკელების დეპუტატი, ხათუნა სამნიძე და გირჩის დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი.

გუშინდელ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატები. მედიის ცნობით, ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის სპიკერს ენმ-ის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი ესაუბრა. საუბრის დეტალებზე მედიასთან არცერთ მხარეს უსაუბრია.

მმართველი გუნდის პოზიცია

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი მზად არის ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებისთვის შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას.

„სწორედ ამ ლაიტმოტივით [უნდა] წარიმართოს [ევროკომისიის რეკომენდაციების] დანარჩენ 11 პუნქტთან დაკავშირებით მუშაობა. ამისთვის მზადყოფნა არსებობს, ეს შემიძლია მკაფიოდ დავადასტურო და ეს იყო ზუსტად ნათქვამი ამ შეხვედრაზე“, – ხაზი გაუსვა მან.

პოლარიზაციის შემცირებისთვის მმართველი გუნდის მხრიდან „მორატორიუმის გამოცხადების“ მზადყოფნა ანრი ოხანაშვილმაც გამოთქვა, თუმცა დასძინა, რომ „დაველოდებით კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს“.

მანვე ოპოზიციის ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც 7 ივლისის შეხვედრას არ დაესწრო და ხაზი გაუსვა, რომ ეს „ცოტა მაგიდის აყირავებისმაგავარი მიდგომაა“, რომელიც „ნიშნავს ევროპული პერსპექტივისთვის ბოიკოტს“.

ოპოზიციის გამოხმაურება

პოლარიზაციის შემცირებაზე ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით სკეპტიკური იყო შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მან ვერ მიიღო „ცალსახა პასუხი“ კითხვაზე, ხელისუფლება როგორც „პოლარიზაციის ერთ-ერთი ძირითადი წყარო“ რა კომპრომისისთვის არის მზად.

„[კიდევ] ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, თუმცა რამე კონკრეტულზე შეჯერება ნამდვილად არ მომხდარა“, – განაცხადა მან და სინანული გამოთქვა, რომ შეხვედრას დანარჩენი ოპოზიციონერი კოლეგებიც არ ესწრებოდნენ.

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე მისი მთავარი დღის წესრიგი იმის გაგება იყო, ხედავს თუ არა ქართული ოცნება იმის „აუცილებლობას“, რომ კონსულტაციების პროცესის ინკლუზიურობისთვის მმართველი გუნდის მხრიდან „კონკრეტული კომპრომისებია“ საჭირო.

„ამის მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ეხმიანება [ევროკომისიის რეკომენდაციების] 12 პუნქტიდან, როგორც საარჩევნო, ისე დეპოლარიზაციის საკითხს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მე ვერ დავინახე, რომ ქართული ოცნება მზად არის ამ ნაბიჯისთვის“.

თავის მხრივ, პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მან შეხვედრაში მონაწილე ქართული ოცნების სამი დეპუტატისგან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სხვადასხვა „მნიშვნელოვან“ საკითხებზე თანამშრომლობის მზაობა დაინახა.

მანვე ამ პროცესში ოპოზიციის პასუხისმგებლობაც აღნიშნა და თქვა, რომ ევროპელი ლიდერები „გამადიდებელი შუშით“ ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციურ სპექტრსაც აკვირდებიან. „ოპოზიციის პასუხისმგებლობა ის არის, რომ ამ [სამუშაო] პროცესში მიიღოს მონაწილეობა“.

„თუ პროცესი წავიდა და ეს არ იქნება მარტო ლაპარაკი, პოლარიზაციის პრობლემა ბუნებრივად მოიხსნება“, – განაცხადა გირჩის დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა და დასძინა, რომ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ „ეს არ უნდა იყოს რაღაც დროში გაწელილი პროცესი“.

„ანუ, როდესაც დაიწყება კომიტეტებ[ში] კანონპროექტებზე მუშაობა, [ეს] უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული, ძალიან გასაგები [პროცესი] და არ უნდა იყოს რაღაც ფორმალისტური“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button