Placeholder canvas
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი გმობს ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 ივლისს განაცხადა, რომ „კატეგორიულად გმობს“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ამ უკანასკნელისთვის კურორტ ბიჭვინთის ნაწილის, 186 ჰექტარი მიწის გადაცემას გულისხმობს.

„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე მოსახლეობის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია“.

სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას საკითხზე „მკვეთრი რეაგირებისკენ“ მოუწოდა.

პრეზიდენტის განცხადებას საკითხზე სიჩუმის გამო ხელისუფლებისადმი ოპოზიციის ნაწილისა და არასამათავრობო სექტორის კრიტიკა უძღვოდა. „სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე“, – მიმართა 25 ივლისს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ კი – მოუწოდა ხელისუფლებას „დროულად გადადგას ნაბიჯები აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ“.

რუსეთისთვის ბიჭვინთის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ 1995 წელს გადაწყდა, თუმცა ამ დრომდე, პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. შეთანხმების დასასრულებლად რუსეთმა ძალისხმევა ცოტა ხნის წინ გააძლიერა და შეთანხმების შესაბამისი ახალი ტექსტი 2022 წლის 19 იანვარს გახდა საჯარო, რამაც კამათი გამოიწვია. საკითხი აფხაზეთში თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია და მის გარშემო მოქალაქეთა და ხელმძღვანელ პირთა პოზიციები ორად არის გაყოფილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button