Placeholder canvas
ახალი ამბები

ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი ექსპერტთა მულტიპროფილური ჯგუფის დღეს გამოქვეყნებული დასკვნით, 11 იანვრის ვიზიტთან შედარებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“.

ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ბოლოს 22 აპრილს, მას შემდეგ მოინახულა, რაც ექსპრეზიდენტმა 20 აპრილს მისსავე სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა. მაშინ მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მისთვის „ადეკვატური სამედიცინო მომსახურების“ გაწევაც დაავალა.

ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს, რაც კუნთოვანი მასის ხარჯზე წონაში კლებას იწვევს.

მათივე თქმით, „ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი“, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი კუნთების განლევასა და სისუსტეს განაპირობებს.

ექიმებისვე განმარტებით, ასევე სახეზეა რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული დაავადება – დეპრესია და ანორექსია; საკვების მიღების შემცირება; აუტანლობის მიზეზით ცილოვან პროდუქტზე შერჩევითად უარის თქმა და ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფი „დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის“ საჭიროებას უსვამს ხაზს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვანი კარგვის, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლის საშიშროებაზე საუბრობენ.

„მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, იქნება არაეფექტიანი… და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს“, – აცხადებენ ექიმები.


საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკითხი მუდმივად სადავო იყო, რაც იგი გასული წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა და დააკავეს.

დაკავებიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს დათანხმდა სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე ხელისუფლების შეთავაზებას, სადაც მან 50-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. თითქმის თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, იგი 30 დეკემბერს კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

ამის შემდეგ, უკვე მიმდინარე წლის 21 თებერვალს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ომბუდსმენისა და ცენტრ „ემპათიას“ კონსილიუმთა დასკვნების შესაბამისი მკურნალობის მოთხოვნით, კვლავ „სრულ უვადო“ შიმშილობას იწყებდა.

მიხეილ სააკაშვილმა ხელახალი შიმშილობა 10 მარტს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისივე თქმით, ამის შესახებ ქართველმა მებრძოლებმა და უკრაინის უმაღლესმა მთავარსარდლობამ სთხოვა.

გორის სამხედრო ჰოსპიტილიდან რუსთავის ციხეში დაბრუნების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან არც მის პირად ექიმს უშვებდნენ და არც კონსილიუმის წარმომადგენლებს. ისინი ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მკურნალობაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას და სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს.

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button