ახალი ამბები

სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალებენ

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, დათანხმდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაჟინებულ თხოვნას შიმშილობის შეწყვეტაზე, თუ ხელისუფლება მის სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობას დათანხმდება. სააკაშვილი ასევე ითხოვს, ექიმთა კონსილიუმმა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში იქნება უზრუნველყოფილი მისი მკურნალობა შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის დროს.

ექს-პრეზიდენტი ასევე ითხოვს, კონსილიუმი მხოლოდ პროფესიონალებისგან, პარიტეტულ საფუძველზე შედგეს, სადაც კონსილიუმის ნახევარი მისი წარმომადგენლები იქნებიან, ნახევარს კი სახელმწიფო დანიშნავს. სააკაშვილის თქმით, ამ კონსილიუმის გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო, რომელსაც ორივე მხარე დაემორჩილება.

სააკაშვილის თქმით, შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და გლდანის საავადმყოფოში არც საამისო პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი.

ამასთან, ექს-პრეზიდენტის განცხადებით, მას ვერ წარმოუდგენია, ენდოს იმ დაწესებულების თანამშრომლებს, „ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე ვისი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ“.

„ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, „უდიდეს საფრთხედ“ მიაჩნია გორის სამხედრო ჰოსპიტალიც, „რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარი და სპეცდანიშნულების დანაყოფები ამ ჰოსპიტალიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია“.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს პენიტენციური უწყების გასაჯაროებულ კადრებზეც ისაუბრა, რომელშიც ჩანს, რომ იგი გლდანის ციხის ჰოსპიტალში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ. სააკაშვილის თქმით, „კადრები კარგად ასახავს ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს“.

„თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები. თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს – მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება. იმდენად, რომ მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია მათ მიერ “საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების” საფარქვეშ“, – თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა და დასძინა: „მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი და დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი ოღონდ არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ“.

მოწოდება ხოშტარიასადმი

სააკაშვილმა ელენე ხოშტარიასაც მიმართა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. ხოშტარია პარლამენტში შიმშილობით ითხოვს, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

ხოშტარიამ სააკაშვილს უპასუხა, რომ შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტს, სანამ არ დაკმაყოფილდება მისი ერთადერთი მოთხოვნა, სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button