ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 10 მარტს განაცხადა, რომ იგი ითვალისწინებს უკრაინაში ქართველი მებრძოლებისა და უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის თხოვნას და შიმშილობას წყვეტს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში „რუსეთის იმპერია სულს ღაფავს“, „ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება“ და ეს მასაც ეხება.

„ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად“, – დაწერა მან Facebook-ზე.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, „მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება“, ჩვენ, „როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მომზადება“.

„ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ“.

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა შესაბამისი მკურნალობის მიღების მოთხოვნით, „უვადო შიმშილობა“ მეორედ 21 თებერვალს გამოაცხადა და თქვა, რომ ეს იყო „რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელახალი შიმშილობის გამოცხადებას წინ უძღვოდა 1 ოქტომბერს, მისი დაკავების დღიდან გამოცხადებული 50-დღიანი შიმშილობა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა 2021 წლის 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. თითქმის თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, იგი რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს დააბრუნეს.


ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ფარულად სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, ასევე საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button