ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, 30 დეკემბერს, გამთენიისას, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ცნობა დაახლოებით 02:30 სთ-ზე გავრცელდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია ცნობებიდან დაახლოებით 10 სთ-ის შემდეგ, მხოლოდ შუადღის 12:00 სთ-ზე დაადასტურა.

სააკაშვილის ადვოკატმა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ყოფილი პრეზიდენტი დღეს რუსთავის ციხეში მოინახულა და საზოგადოებას მისი გადაყვანისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალებს მოუყვა. მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი არის სუსტად და „გაბრუებული“, უჭირს კომუნიკაცია. ამასთან, იგი შეხვედრის ოთახამდე ორმა ბადრაგმა ჩამოიყვანა.

ნიკა გვარამიას მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან „ყალბი დიაგნოზით“ გაწერეს. მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 და 30 დეკემბერს შევსებული ფორმა 100-ში დიაგნოზიდან „ვერნიკეს ენცეფალოპათია“ ამოღებულია და მის ნაცლად ე.წ. „დისმეტაბოლური ენცეფალოპათიაა“ მითითებული.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სააკაშვილი „უარესად“ არის, ვიდრე მას ნოემბერში გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.

გვარამიასვე ინფორმაციით, სააკაშვილს 50-დღიანი შიმშილობის დასრულების შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში წონაში არ მოუმატია. „გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ იგი არ მომკვდარიყო და „კაპტოპრილით“ ემკურნალათ და დაეწიათ წნევა“, – განაცხადა მანვე.

ყოფილი პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დაბრუნებაზე საუბრისას, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მის მიმართ ფიზიკურად არ უძალადიათ, ამასთან მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი ისედაც არ ჰქონდა.

მანვე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილი გააფრთხილეს, რომ თუკი გზაში ცუდად გახდებოდა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. „ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება“, – ხაზი გაუსვა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, ახლა, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების ერთადერთი საზრუნავი მისი საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაყვანაა.

მანამდე, 27 დეკემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადასვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მისი ციხეში დაბრუნების პროცესი დროებით შეჩერდა. მმართველი გუნდის მტკიცებით, სააკაშვილის მკურნალობის პროცესი დასრულდა, მას რეაბილიტაცია აღარ ესაჭიროება, შესაბამისად იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერეს.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button