აშშ-ის საელჩო: სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტის დროს სააკაშვილის საკითხი არ განხილულა
აშშ-ის საელჩომ საქართველოში 13 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილმა მანამდე სოციალურ ქსელში ვიზიტთან დაკავშირებით დაწერა, რომ „სხვადასხვა შეხვედრებზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე დაწერა, რომ „ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა… და რომ იგი მოხარულია, რომ „სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს“.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განხილვის საკითხი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, და ის, რომ პირველი ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ჩვენ ველით მათ წინადადებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/08/2024 – სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ
- 12/08/2024 – საქართველოში სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
- 11/08/2024 – სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციაზე საუბრობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)