ახალი ამბები

ლავროვი: აფხაზეთში რუსების ქონების საკითხზე „არცთუ ლეგიტიმური პროცესები“ მიდის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების საკითხზე „არცთუ ლეგიტიმური პროცესები“ მიმდინარეობს.

ლავროვმა ამ თემაზე სოჭში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ განცხადებამდე ერთი დღით ადრე იგი ოკუპირებული აფხაზეთის ახლადდანიშნულ „საგარეო  მინისტრ“ ინალ არძინბასთან შეხვდა.

რუსმა დიპლომატმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც აფხაზეთში რუსი ტურისტები არასასიამოვნო სიტუაციებში აღმოჩენილან, ხოლო რუს ბიზნესმენებს საქმიანობისას პრობლემები შექმნიათ.

„აფხაზ კოლეგებს ესმით, რომ საჭიროა გაააქტიურონ მუშაობა ყველა ამ მიმართულებით. ეს ეხება კრიმინალურ ქმედებებს ჩვენი ტურისტებისადმი და რუსეთის მოქალაქეების საკუთრებას [აფხაზეთში]“, – განაცხადა მან.

ლავროვის თქმით, არძინბამ რუსული მხარე დაარწმუნა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობა „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარდეს“.

პრესკონფერენციაზე რუსმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში ერთი რუსი მეწარმის საქმეც გაიხსნება, რომელიც „2016 წლიდან მოუგვარებელია“.

„ჩვენმა უამრავმა მიმართვამ აფხაზეთის შესაბამისი ინსტანციებისადმი შედეგი გამოიღო. რამდენიმე დღის წინ სასამართლო მოსმენა გაიმართა, სადაც კონპენსაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. უნდა დაველოდოთ პროცესის ბოლომდე დასრულებას“, – განაცხადა მან.

„ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აფხაზური ბაზრის მიმზიდველობა რუსული ინვესტიციებისთვის პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განიხილავენ და მოაგვარებენ ამგვარი საკითხებს [აფხაზეთში]“, – თქვა ლავროვმა.

ასევე წაიკითხეთ:

შენიშვნა: სტატია 23 დეკემბრის 20 საათზე მცირედით განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button