skip to content
ახალი ამბები

ლავროვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრებს“ სოჭში უმასპინძლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 20 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრებს“, ინალ არძინბას და დმიტრი მედოევს სოჭში უმასპინძლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებთან როგორც ორმხრივი, ისე სამმხრივი შეხვედრები გამართა, სადაც მხარეებმა ყურადღება დაუთმეს მოსკოვის დახმარებას სოხუმისა და ცხინვალის მიმართ, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის „მზადყოფნა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების გაძლიერებაში, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული სფეროების განვითარებაში ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს“.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, გააღრმავონ „საგარეო პოლიტიკური კოორდინაცია“ და ყურადღება გაამახვილონ ოკუპირებულ რეგიონებსა და უცხოეთის ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებაზე.

ლავროვმა ინფორმაცია მიაწოდა არძინბას და მედოევს „რუსეთის ძალისხმევის შესახებ, რათა რეგიონში სიტუაცია გაუმჯობესდეს“. საუბარი ასევე შეეხო 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმას, რომელსაც საქართველო არ უერთდება.

რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ „ამ უნიკალური დიალოგის ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია“.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ არძინბამ და ლავროვმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, რა დროსაც, რუსულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს უსაფრთხოების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურის სფეროების განვითარებაში.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონის „საგარეო უწყებას“, მის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედოევმა და ლავროვმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, კერძოდ მათ განიხილეს „რეგიონში არსებული რთული სიტუაცია, მათ შორის, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ქმედებების ზრდა საქართველოში“.

ცხინვალის ხელისუფლებამ „სამხრეთ ოსეთში მშვიდობის შენარჩუნებაში რუსეთის გადამწყვეტ როლს“ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაძლიერება „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების“ აღკვეთის გარანტია იქნება.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა „ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ დონეს“ გაუსვეს ხაზი, რასაც ამყარებს სამართლებრივი ჩარჩო, მათ შორის, წლის განმავლობაში ხელმოწერილი შეთანხმებები. მაგალითად, როგორიცაა შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგი და გააფართოვონ სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო და ჰუმანიტარული კავშირები.

ლავროვის შეხვედრა ორი ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებთან იმ ფონზე გაიმართა, როდესაც უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო მობილიზაცია მიმდინარეობს, ხოლო მოსკოვი სულ უფრო ხშირად მოუწოდებს ნატოსა და აშშ-ს, უარი თქვას პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე.

არძინბა „საგარეო საქმეთა მინისტრის“ რანგში მედოევს და ლავროვს პირველად შეხვდა. აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ არძინბა ამ პოსტზე 17 ნოემბერს დანიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button