skip to content
რესპუბლიკის ამბები

13 ივლისი, 1921: საბჭოთა რეჟიმმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები დააკავა

წყარო: ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბილისი, Sovlab.

1921 წლის 7 ივლის ნაძალადევის მუშათა კლუბში სიტყვით გამოსვლისას ქართველმა სოციალ-დემოკრატმა მუშებმა ფაქტობრივად სრული ობსტრუქცია მოუწყვეს იოსებ სტალინს. მუშათა ამგვარ დემონსტრაციას ფაქტობრივად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ისიდორე რამიშვილი და ყოფილი სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ლიდერი  ალექსანდრე დგებუაძე მეთაურობდნენ. ქართული პრესის თანახმად მუშებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს სიტყვა სტალინს შეძახილებით – სიცრუეა“, „მოღალატეობაა“. სტალინს მუშებმა მიმართეს, რომ გადაეცა ლენინისათვის იმ მძიმე რეპრესიების შესახებ რაც საქართველოში მიმდინარეობდა, ასევე მოუწოდეს სტალინს გაეყვანათ წითელი არმია საქართველოდან.

სოციალ-დემოკრატ მუშათა ამგვარი საპროტესტო გამოსვლის საპასუხოდ საბჭოთა  რეჟიმმა მუშებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების დაპატიმრება დაიწყო. 1921 წლის 13 ივლის დააკავეს ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის პირველი თაობის ლიდერები ისიდორე რამიშვილი და სილიბისტრო ჯიბლაძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დამფუძნებელი კრების ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ლომთათიძე, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე დგებუაძე და დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ფარნიევი.

სილიბისტრო (სილვა) ჯიბლაძემ ციხეში რამდენიმე თვე გაატარა, 1921 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს, თუმც „ჩეკას“ მიერ მუდმივი თვალთვალის გამო მიმალვაში იმყოფებოდა და არალეგალურად საქმიანობდა, პატიმრობისას დაავადებული სილვა 1921 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა მიმალვაში მყოფი. „ჩეკა“ სილვას დაკრძალვასაც კი უფრთხოდა, როგორც პოტენციურად დიდი დემონსტრაციის მიზეზს, რის გამოც ცხედარი მოიტაცეს და საიდუმლოდ დამარხეს.

ისიდორე რამიშვილი, როგორც რეჟიმისათვის განსაკუთრებით საშიში პოლიტიკოსი 1922 წლის დეკემბერში სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად მოსკოვში გადაიყვანეს, შემდეგ კი არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. შემდეგ ქალაქ კაშინში გადაასახლეს, მხოლოდ 1926 წელს გაათავისუფლეს, თუმცა აუკრძალეს კავკასიაში და საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში ცხოვრება. 1930 წელს კვლავ დააპატიმრეს, 1921 წლიდან გადასახლებული იყო, ტაშკენტში და ხოჯენტში, ამავდროულად გარკვეული პერიოდი მოთავსებული იყო ციხეშიც. 1934 წელს მცირე ხნით გაათავისუფლეს „წითელი პოლიტიკური ჯვრის“ ჩარევით, თუმცა 1935 წელს კვლავ გადაასახლეს ჯერ ცხინვალში შემდეგ კი ვლადიკავკაზში. 1937 წელს ისიდორე რამიშვილი დააპატიმრეს მენშევიკური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით და 1937 წლის 14 ნოემბერს 78 წლის ასაკში დახვრიტეს.

ალექსანდრე ლომთათიძე, რომელიც პატიმრობის პერიოდში მძიმედ დაავადდა 1923 წელს მეტეხის ციხიდან სუზდალის პოლიტსაპატიმროში გადაიყვანეს, შემდეგ გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში, შემდგომში კი ჩუვაშეთში, 1924 წლიდან კი ტაშკენტში. 1924 წლის აგვისტოში საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ იმჟამად ტაშკენტში მცხოვრები მძიმედ ავადმყოფი ლომთათიძე დააპატიმრეს. დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე ლომთათიძე ციხეში გარდაიცვალა.

ალექსანდრე დგებუაძე ისიდორე რამიშვილთან და სხვა თანაპარტიელებთან ერთად მოსკოვის გავლით არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1926 წელს პატიმრობა ვორონეჟში 3 წლიანი გადასახლებით შეუცვალეს. 1930 წლიდან საბჭოთა რეჟიმი დგებუაძეს დემოკრატიული რესპუბლიკის  თავდაცვის მინისტრთან გრიგოლ ლორთქიფანიძესთან ერთად ანტისაბჭოთა მძლავრი არალეგალური ორგანიზაციის შექმნას ედავებოდა, ამ საქმისთვის 1933 წელს დამატებით 3 წლით გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში. 1934 წელს კვლავ დააპატიმრეს და რამდენჯერმე შეუცვალეს გადასახლების ადგილი. 1937 წელს საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი დააპატიმრეს და გადაიყვანეს თბილისში, ამჟამად ბრალად მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის წევრობა ბრალდებოდა. 1937 წლის 10 ოქტომბერს  დახვრიტეს თბილისში.

ალექსანდრე ფარნიევი დაპატიმრებიდან მალევე 1921 წლის 30 ივლისს გაათავისუფლეს. 1922 წლის იანვარში კვლავ დააპატიმრეს 2 თვით. მესამედ კი 1922 წლის 26 მაისის დემონსტრაციისას, დროშის ტარების ბრალდებით. 1923 წლის ივლისში საბჭოთა პრესაში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ტოვებდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. შემდგომში ჩაერთო საბჭოთა რეჟიმის მიერ წამოწყებულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის „თვითლიკვიდაციის“ კამპანიაში. შემდგომში მუშაობდა თფილისის ტრამვაის სამმართველოს უფროსად.

მსგავსი/Related

Back to top button