skip to content
რესპუბლიკის ამბები

ივნისი, 1921. ნოე ჟორდანიამ ბელგიის პრემიერ მინისტრსა და სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივლისი, N3

ნ. ჟორდანია ბელგიაში

ქვემო დაწერილ ნოე ჟორდანიას მოგზაურობიდან ბელგიაში ქართველი ხალხი დაინახავს თუ რა გრძნობით ეპყრობა საქართველოს ბედს ევროპის დემოკრატია და აგრეთვე მთავრობები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმაგალითოა ის აღფრთოვანებული და ძმური თანაგრძნობით აღსავსე მიღება, რომელიც ნოე ჟორდანიას ხვდა წილად ბელგიის უმთავრეს ქალაქებში, როგორც მუშათა სოციალისტურ და პროფესიულ წრეებში, აგრეთვე მოწინავე პრესისაგან.

ნოეს ბრიუსელში ჩასვლის დღეს ბელგიის დედა ქალაქის თითქმის ყველა გაზეთებმა (როგორც სოციალისტურმა, ისე არა სოციალისტურმა) მოათავსეს მისი სურათი და წერილები საქართველოს დემოკრატიის და მისი ბელადის შესახებ. წერილების უმრავლესობაში გატარებულია ანალოგია საქართველოს ახლანდელ მდგომარეობისა და ბელგიის მდგომარეობის შორის მსოფლიო ომის დროს. და გამოთქმულია სრული იმედი, რომ საქართველოც ისე განთავისუფლდება უცხო უღლისაგან, როგორც ეს მოახერხა ბელგიის ხალხმა.

ნოე ჟორდანია ჩავიდა ბრიუსელში 12 ივნისს, მას სადგურზე შეეგებნენ სოციალისტური პარტიის დელეგაცია, ვან როს-ბრეკი, კამილ ჰიუსმანსი [სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი, შემდგომში ბელგიის პრემიერ-მინისტრი, 1920 წელის სექტემბერში ევროპელ სოციალისტებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], ეკელერი და გაზეთ „პუპელ“-ის (ხალხი) წარმომადგენელნი. ემილ ვანდერველდემ [ბელგიის სოციალისტური პარტიის ლიდერი, სახელმწიფო მინისტრი, 1920 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] თავის წარმომადგენელი გაუგზავნა, რადგან თვითონ ამ დროს მთავრობის საგანგებო სხდომაზე იმყოფებოდა.

ნოეს ქონდა პირველ-ყოვლისა ხანგრძლივი აუდიენცია და მოლაპარაკება საქართველოს შესახებ ბელგიის მთავრობის თავმჯდომარესა და გარეშე საქმეთა მინისტრთან. ნოე ჟორდანია კმაყოფილი დარჩა ამ მოლაპარაკებებით და იმ დახმარებით, რომელიც აღუთქვეს მას ბელგიის მთავრობის სახელით.

მეორე დღეს ნოე ჟორდანია მივიდა სოციალისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტის სხდომაზე. მისი მისვლისთანავე ცენტრალურმა კომიტეტმა შესწყვიტა სხდომა და ყველანი ფეხზე ამდგარი ოვაციებით შეხვდენ საქართველოს სოციალისტურ პარტიის და ქართველი ხალხის ბელად. მას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცენტრალური კომიტეტის სახელით ვანდერველდემ, რომელმაც გაიხსენა თავისი მოგზაურობა საქართველოში და ის ღრმა პატივისცემა, რომლითაც ქართველი ხალხი ეპყრობოდა თავის ბელადს მათი იქ ყოფნის დროს, მოიგონა უკანასკნელი თვეები, სამწუხარო ისტორია საქართველოსი და სთქვა: „გაიხსენეთ, რომ სამი წლის წინ ბელგიაც უცხოელ ჩექმის ქვეშ იმყოფებოდა, მაშინ ჩვენც ისეთივე გადახვეწილები ვიყავით, როგორც თქვენ ხართ დღეს. მაშინ ჩვენ ხშირად დაგვბადებია იჭვი, ვაი თუ 50 წლის ნამუშევარი სრულიად დაგვეკარგოს გერმანიის ოკუპაციის წყალობითო. მაგრამ შეხედეთ ახლა, რანი ვართ. დეე ეს მაგალითი იყოს თქვენი გამამხნევებელი და განმამტკიცებელი იმ რწმენის, რომ თქვენ სამართლიანათ გაიმარჯვებთ. ჩვენი პარტიის და პროფესიულ კავშირები 600 000 წევრის სახელით გიძღვნით ძმურ სალამს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო მომავალში თქვენ შეძლება გექნებათ დაუბრუნდეთ თქვენს საყვარელ სამშობლოში. ძვირფასო ჟორდანიავ, კეთილშობილი, თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოტრფიალე ერის წარმომადგენელო ნება მომეცით კიდევ ერთხელ მოგიძღვნათ ბელგიის მუშათა კლასის სიმპატია. გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას“. დამსწრეთ აღფროთვანებული ტაშისცემით დაფარეს ვანდერველდეს მგრძნობიარე სიტყვები.

ნოე ჟორდანიამ მეტათ მგრძნობიარე სიტყვით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ქართველი მუშები ძლიერ კარგად იცნობენ ბელგიის სოციალისტურ პარტიას და ყოველთვის აღტაცებაში მოდიოდენ მისი მთლიანი მოძრაობით და პრაქტიკული საქმიანობით. და თავის მხრივ საქართველოს მუშების და მთელი ერის სახელით უძღვნა მადლობა იმ თანაგრძნობის და მორალურ დახმარებისათვის, რომელსაც იღებდა და მიიღებს მათგან შემდეგშიაც საქართველოს ხალხი.

შემდეგ დღეებში პარტიამ და პროფესიონალურმა კავშირებმა მოაწყეს ნოე ჟორდანიას სპეციალური შესახვედრი საღამო მუშათა სახლში; მთელი ვეებერთელა ზალა გაჭედილი იყო ხალხით. 5 საათზე სხდომა გაიხსნა დე-ბრიუკერის [ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი, 1920 წლის სექტემბერში იმყოფებოდა საქართველოში – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] თავმჯდომარეობით. ნოე ჟორდანია პრეზიდიუმში იჯდა. მის გვერდით იყო ემილ ვანდერველდე, მუშა-მინისტრი ვოტერი და სოციალისტური პარტიის მდივანი ვან როს-ბრეკი. მუშათა პარტიის სახელით მიესალმა ქართველი ხალხის წარმომადგენელს ვანდერველდე, რომელმაც თავის სიტყვაში განაცხადა: „ბელგია ვერ მოკლა მტრის დაპყრობამ, იგი დღეს მკვდრეთით აღმდგარია, არც საქართველო მომკვდარა იგი ხვალ აღსდგება, (აღფრთოვანებული ტაშისცემამ მოიცვა დარბაზი). საქართველომ მიმართა ერთა ლიგას, ვნახოთ, იმ სახელმწიფოებისთვის და განსაკუთრებით ინგლისისთვის, რომლებმაც იცვნეს დამოუკიდებლობა, ეს ცნობა იყო ცარიელი სიტყვა თუ რეალური სინამდვილე. მარა ჩვენ ბელგიელებსაც ბევრის გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთვის და ჩვენ არ დავაკლებთ არავითარ ცდას, ავამოძრავებთ საქართველოსთვის მთელ ჩვენ გავლენას განათლებულ კაცობრიობაზე. და ამ აზრით მე შემოვძახებ: გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს მუშათა ინტერნაციონალს“. (ხანგრძლივი, დაუსრულებელი ტაში).

ნოე ჟორდანიამ მადლობა გადაუხადა პარტიას და პროფესიულ კავშირებს ამ მხურვალე და გულითადი მიღებისათვის და მოკლეთ მოახსენა კრებას საქართველოს ისტორია: მისი დამოუკიდებლობის დღიდან და გადაუშალა სურათი საქართველოს დღევანდელი აოხრების და დანგრევის მოსკოვის იმპერიალისტების „წითელ“ ველურებისაგან. დაბოლოს მიმართა ბელგიის მუშათა კლასს რომ მან მორალური დახმარება გაუწიოს ქართველ ხალხს თავის წმინდა ბრძოლაში კომუნისტურ დამპყრობელების წინააღმდეგ, მოითხოვოს, რომ მოსკოვმა გაიყვანოს თავის ჯარები და საშვალება მისცეს ქართველ ხალხს თავის ნების-ყოფის თავისუფლათ გამოთქმის. კრება დიდის ყურადღებით და სულგანაბული უსმენდა ნოე ჟორდანიას სიტყვას დაუსრულებელი ოვაციით დააჯილდოვა მოხუცი მებრძოლი.

შემდეგ ილაპარაკა დებრიუკერმა, რომელმაც ბელგიის მუშათა სახელით განაცხადა, რომ ბელგიის მუშები საქართველოს საკითხს გაიხდიან თავის საკუთარ საქმეთ და მთელი ძალღონით იმოქმედებენ მის აღსადგენათ (ხანგრძლივი ტაში). ქართველ სოციალ-დემოკრატების რეზოლუცია თფილისში მიღებული (1921 წლის 10 აპრილს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია) გვიჩვენებს ჩვენ გზას, რომელსაც უნდა დავადგეთ: სამივე მუშათა ინტერნაციონალიდან უნდა შესდგეს  საარბიტრაჟო კომისია, რომელსაც გადაეცემა საქართველოს საკითხის გადაჭრა… კრება ოვაციებით შეხვდა ამ წინადადებას. და იგი ერთსულოვნათ მიღებულ იქნა. ამის შემდეგ სხდომა დაიხურა.

ბრიუსელიდან ნოე ჟორდანია მიიწვია ანტვერპენის სოციალისტურმა ორგანიზაციამ. როგორც იქაური გაზეთები გადმოგვცემენ ანტვერპენის მუშათა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია უმაგალითოთ, დიდებულათ მიიღო; არაჩვეულებრივი სადღესასწაულო ხასიათი მიეღო ანტვერპენის მუშათა სახლს. ვეებერთელა ზალაში ტევა არ იყო.

ზალაში ჟორდანიას შემოსვლას, რომელსაც მოსდევდნენ: ჰიუსმანსი, დებრიუკერი, ეკელერი და სხვა ცნობილი ამხანაგები, აღტაცებული ოვაციებით შეეგებენ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ეკელერმა წარუდგინა დამსწრეთ ნოე ჟორდანია და მოკლეთ დაასურათა ბელგიის და საქართველოს ბედის მსგავსება.

როცა შემდეგ ნოე ჟორდანია წამოდგა სიტყვის სათქმელათ, მთელი დარბაზი ერთ ტაშისცემათ გადაიქცა. საქართველოს კატასტროფის სურათმა, რომელიც ნოე ჟორდანიამ დაუხატა მსმენელებს, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, მისი სიტყვა ოვაციებით დასრულდა.

შემდეგ დებრიუკერმა მხატვრულათ და საუცხოვოთ დაასურათა საქართველოს დემოკრატიული წყობილების თავისებურებანი, მისი ნამდვილი დემოკრატიული სახე, მისი ეკონომიური და პოლიტიკური ორგანიზაციები და სხვა. ბოლოს აღნიშნა ის საშინელი განცდა, რომელიც დაატყდა ქართველ დემოკრატიას რუსეთის „წითლების“ შემოსევით.

შემდეგ მრავალმა მუშა ორატორებმა ილაპარაკეს საქართველოს შესახებ და თავისი თანაგრძნობა გამოსთქვეს. საგანგებოთ მოწვეულმა ფერდინანდ ლასალლის სახელობის მუშათა გუნდა შეასრულა მრავალი რევოლიუციური სიმღერები და მათ შორის ქართული ჰიმნი. ბელგიის პარტიის ცენტრალური ორგანოს საგანგებო კორესპონდენტი, ამ საღამოს აღწერას ასე ათავებს ტელეგრაფით გადაცემულ კორესპონდენციაში: „ანტვერპენის სოციალისტური ფედერაცია იმედოვნებს, რომ ამხანაგ ჟორდანიას საუკეთესო მოგონება დარჩება ანტვერპენის ამხანაგების მიღებისაგან.

ამავე დროს გაზეთებში მრავალი წერილები მოათავსეს საქართველოს შესახებ: დებრიუკერმა საგანგებო წერილი უძღვნა თფილისის სახელმწიფო თეატრში მიღებულ რეზოლიუციას. იგი სრულიად მხარს უჭერს საარბიტრო კომისიის დაარსებას და მოითხოვს მოსკოვისაგან საქართველოს განთავისუფლებას.

ბელგიის სოციალისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სპეციალურ სხდომაზე გამოიმუშავა მთელი რიგი პრაქტიკული ზომები, რომელიც უნდა იქნენ მიღებული საქართველოს ხალხისთვის თავისუფლების დასაბრუნებლად.

ბელგიაში ნოე ჟორდანია ამ დღეებში ნამდვილი სახალხო გმირი იყო, რომელზედაც ყველა ლაპარაკობდა, რომლის მოსვლით ყველა საზოგადოებრივი წრეები დაინტერესებული იყო. მრავალმა საზოგადო მოღვაწემ ინახულა იგი და თავის სალამი გაუგზავნა დროებით დამონებულ საქართველოს. გაზეთები ისე შეეთვისენ მის სახელ, რომ ცნობებს მის შესახებ აწერდენ მხოლოდ ასე: „ნოე ჟორდანია ბელგიაში“. ყველამ იცოდა ვინ იყო ნ. ჟორდანია და რა მისია აქვს მას.

საერთო ბედის თანამოზიარ ბელგიის ხალხში საქართველომ მოიპოვა თავის საუკეთესო თანამგძნობი და გულშემატკივარი. და ჩვენი მოხუცი ბელადის მოგზაურობის შემდეგ ეს თანაგრძნობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ბელგიიდან ნოე ჟორდანია გაემგზავრა ინგლისში. იქაურ ამბებზე შემდეგ.

დ.

მსგავსი/Related

Back to top button