რესპუბლიკის ამბები

ევგენი გეგეჭკორმა ლონდონში მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური შეხვედრები გამართა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 დეკემბერი, N278

ე. პ. გეგეჭკორი ლონდონში

სექტ. 7 – ოქტ. 1-დის ე. პ. გეგეჭკორმა დაჰყო ლონდონში, სადაც მან ინახულა ყველა პარტიის გავლენიანი მოღვაწენი და ინგლისის სახელმწიოებრივი ცხოვრების ხელმძღვანელნი. ე. პ. გეგეჭკორი მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის „დე იურე“ ცნობის შესახებ.

სექტ, 18. ე. პ. გეგეჭკორმა ინახულა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი. ამ შეხვედრისას განხილულ იქმნა ძირითადად საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულათ ცნობასთან შეკავშირებული საკითხები. საუბარმა საათ ნახევარს გასტანა.

სექტ. 26. ევგენი გეგეჭკორი თემთა პალატაში მიიწვია დეპუტატმა ვილიამსმა (ლიბერალია). თემთა პალატაში გეგეჭკორს გაუკეთეს საუზმე, რომელზედაც დაესწრენ როგორც ლიბერალური აგრეთვე კონსერვატიულ პარტიის წარმომადგენლები. აქ გეგეჭკორმა დეპუტატებს გააცნო საქართველოს მდგომარეობა, გადასცა მათ სათანადო მემორანდუმი და სთხოვა მათ საქართველოს საკითხი განეხილათ თემთა პალატაში. დეპუტატები დიდის ინტერესით შეხვდენ მის მოხსენებას და დაჰპირდენ პალატაში საქართველოს რესპუბლიკის საკითხის აღძვრას.

საქართველოს მდგომარეობას აწარმოებდა აგრეთვე ლორდთა პალატის წარმომადგენელ ლორდ-რობერტ სესილისთან, (ინგლისის დელეგატია ერთა ლიგაში), და ლორდ ბრაისთან.

ევგენი გეგეჭკორს რამდენიმე საქმიანი შეხვედრა ჰქონდა ინგლისის მუშათა პარტიის წარმომადგენელ – გერსონთან, ტომას შოუსა და მაკდონალდთან.

ევგენი გეგეჭკორს სურდა ლოიდ ჯორჯთან შეხვედრა. მაგრამ ეს შეხვედრა არ მოხდა იმ საგანგებო ამბების გამო, რომლებმაც ინგლისის პრემიერ მინისტრის მთელი დრო მოინდომა. ლონდონიდან გამგზავრების წინა დღით გეგეჭკორმა ლოიდ ჯორჯისაგან მიიღო წერილი, სადაც ინგლისის მთავრობის თავმჯდომარე იმედს გამოსთქვამს, რომ მოკლე დროში მას საშუალება ექნება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთა პირადი შეხვედრისა.

მსგავსი/Related

Back to top button