skip to content
რესპუბლიკის ამბები

მთავრობამ ბათუმის ოლქის განსაკუთრებულ რწმუნებულად გრიგოლ გიორგაძე დანიშნა

გაზ. ბათუმის ფურცელი, 1920 წლის 17 ნოემბერი, N57

ბათომი, 17 ნოემბერი

[1920 წლის 7 ივლისს, მას შემდეგ რაც მოკავშირეთა წარმომადგენლებმა ბათუმის ოლქი საქართველოს გადასცეს, საქართველოს მთავრობამ ოლქში დროებითი ადმინისტრაცია შემოიღო საგანგებო კომისრის (რწმუნებულის) ხელმძღვანელობით. კომისრის პოსტზე დამფუძნებელი კრების წევრი და თფილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი დანიშნეს. ახლად დანიშნული კომისარი ჩქარობდა ოლქში ადმინისტრაციული და მიწის რეფორმის გატარებას. რეფორმის გატარებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები, მათ შორის 1919 წელს შემდგარი სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის ლიდერები. მალევე მეჯლისის ლიდერებსა და ბენია ჩხიკვიშვილს შორის ურთიერთობა გამწვავდა, საკითხის განხილვა მოხდა მთავრობასა და დამფუძნებელ კრებაში. საბოლოდ, ბენია ჩხიკვიშვილმა მიიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, ხოლო მთავრობამ ჩხიკვიშვილის ნაცვლად განსაკუთრებული კომისრის პოსტზე სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, ყოფილი სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე დანიშნა. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

მთავრობის განსაკუთრებულმა რწმუნებულმა ოლქს მიჰმართა. ის ხალხის მრჩევლებთან იმუშავებს ამ ოლქის წარმატებისთვის, საზოგადოებრივ ძალთა შემოკრებით, ოლქის ძირეული მცხოვრებთა ხმით ხელმძღვანელობით, ის იმოღვაწეებს სამუსლიმანო საქართველოს ყოველ მხრივ კეთილდღეობისთვის. ასეთივე განცხადება ოლქის მუსლიმანმა ქართველებმა მოისმინეს ბ-ნ განსაკუთრებულ რწმუნებულისაგან ნოემბრის 14-ს ისტორიულ თათბირზე. ბ-ნ გრიგოლ გიორგაძეს ამ მხარის მოსაწყობათ პრაკთიკული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაუწყია, მას ნოემბრის 15-ს ჰქონია მცირე მსჯელობა რაიონულ თემების შესაქმნელად. ჩვენ უსაზღვრო სიხარულით ვეგებებით ამ მოვლენას, რაც მეტი ორგანიზაციობა იქნება ოლქში, მით მაგარი ვიქნებით ჩვენ და მტერი ვერ გაგვტეხს.

იყვეს ნაყოფიანი ეს დასაწყისი, დაე გაგრძელდეს ერთსულოვანი, ქვეყნის ჭირ-ვარამის მოსავლელად მოწოდებული მუშაობა ინტენსიური და ყველა მხარის სასიცოცხლო ძალებმა შეძლოს ერთად მეთოდური მოქმედება.

ჩვენი მმართველები ხალხის წარმომადგენლები არიან და ხალხთან სიახლოვით მართავენ ქვეყანას.

ჩვენი განსაკუთრებული რწმუნებული დამფუძნებელი კრების – ხალხის ამ საამაყო ორგანოს წევრია და ის შეძლებს აქ მიზან შეფარდებულად მდგომარეობის გაძღოლას, რომ ცენტრს ზურგის სიმაგრე არ აკლდეს და ოლქის მკვიდრთ საჭირო-მოვლა პატრონობა.

კეთილი იყოს დასაწყისი. გაუმარჯოს ასეთ მუშაობას. საპატიო ადგილას ხვდა მოღვაწეობის გადმოტანა ბატონ გრიგოლ გიორგაძეს, ბათომი ქართველი ერის ხერხემალია და გვწამს, რომ ის აქ ლამაზად, მაგრამ მძლავრის ხელით ატარებს სახელმწიფოს დროშას, საქართველოს დემოკრატიის ბატონობის მარადიულობისთვის.

მსგავსი/Related

Back to top button