skip to content
რესპუბლიკის ამბები

ოქტომბერი, 1920: იუსტიციის მინისტრის წინადადებები სასამართლო რეფორმაზე

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 ოქტომბერი, N234

იუსტიციის სამინისტროში

სასამართლოს მდგომარეობა

იუსტიციის მინისტრმა [რაჟდენ არსენიძემ] დაამუშავა და წარუდგინა მთავრობას განსახილველად მოხსენება სასამართლოს მდგომარეობის შესახებ.

თავის მოხსენებაში მინისტრი უკანასკნელ ხანებში სასამართლოს მოქმედების გაძლიერებას აღნიშნავს. 1918-1919 წლებში ძველი საქმეები სისრულეში არის მოყვანილი. შენიშნულია საგამომძიებლო რაიონიდან სხვა და სხვა საქმეების შემოსვლა, რამაც გამოიწვია ტფილისში ოქტომბრის 9-დან ორი ერთდროულად მოქმედ სისხლის სამართლის სასამართლოს სესიის დანიშვნა.

მოხსენებაში აღნიშნულია სასამართლოს არა ნორმალური მდგომარეობა რესპუბლიკაში. უმთავრეს მიზეზად ამ არა ნორმალურობისა იუსტიციის მინისტრს მიაჩნია: 1. სასამართლოს უღონობა დააკმაყოფილოს ყოველი მოთხოვნილება საზოგადოებრივი ცხოვრებისა, რომელიც ძლიერ ჩქარი ტემპით მიექანება წინ. ხშირია შემთხვევები, როცა ადმინისტრატიული დაწესებულებები ერევიან სასამართლოს საქმეებში, მით სცემენ ძირს სასამართლოს ავტორიტეტს და ხელს უშლიან კანონიერების გამტკიცებას.

სასამართლოს არა ნორმალური მდგომარეობის მეორე მიზეზი მომხსენებლის აზრითა რის ძველი კანონების დაუმუშავებლობა და მოუმზადებლობა პირად შემადგენლობისა, რომელთა რთული მოვლინება სასამართლო მოღვაწეობიდან დიდ თეორიტიულ მომზადებას და გამოცდილებას მოითხოვს.

იუსტიციის მინისტრი ეხება აგრეთვე სასამართლო მოღვაწეთა ნივთიერ ხელმოკლეობას: სასამართლო მოღვაწეებს ამასთანავე არ შეუძლიათ სხვა რაიმე სამსახურში შესვლა, რომ ამით გაადიდონ საცხოვრებელი შრომის ხელფასი.

შემდეგ მოხსენებაში მოყვანილია ის ზომები, რომელიც მიიღო უკვე იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს დემოკრატიზიციისათვის და მის ხალხთან დასაახლოვებლად. მთელ რესპუბლიკაში შემოღებულია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, შემოღებულია ინსტიტუტი მომრიგებელ მოსამართლეთა, გაუმჯობესებულია საგამომძიებლო საპროკურორო აპარატები და დაარსებულია ძველ კანონთა გადამსინჯავი კომისია.

აღნიშნავს რა ადმინისტრაციის სრულ მოუმზადებლობას სისხლის სამართლის საქმეების გამოკვლევაში, იუსტიციის მინისტრი წინადადებას იძლევა ამ დეფიციტის მოსასპობად მისცენ მილიციის მოხელეთ სათანადო ინსტრუქციები.

მოხსენებაში აღნიშნულია აგრეთვე ერობათა და ქალაქთა თვითმართველობის ჩარევა სასამართლოს საქმეებში. ეს დაწესებულებები ძლიერ ხშირად იცავენ თავის მოსამსახურეთა აშკარა უკანონო საქციელს. ამიტომ ამ საქმეების აღნიშნულ ორგანოების გავლენისაგან განსათავისუფლებლად საჭირო ხდება მათი (საქმეების) სასამართლოს გამომძიებლებზე გადაცემა, რომელთაც რიცხვიც ისედაც მცირეა და რომელსაც ისედაც ბევრი სამუშაო აქვს.

მთელ მოხსენებაში გატარებულია აზრი, რომ რესპუბლიკის სასამართლო უნდა იდგეს ყოველგვარ პარტიულ და ჯგუფობრივ ბრძოლის გარეშე და რომ სასამართლო ასეთ მდგომარეობამდე ამაღლდეს საჭიროა მის საქმეებში მთავრობის ჩარევა.

მოხსენების ბოლოს იუსტიციის მინისტრს საჭიროთ მიაჩნია  შემდეგი ღონისძიებათა მიღება: 1. წინადადება მიეცეს განათლების სამინისტროს, რომ იურიდიულ ფაკულტეტის გახსნა დააჩქაროს. 2. საპროკურორო ზედამხევდელობის მოსამსახურეთა და სასამართლოს მოღვაწეთა, როგორც საჭირო სპეციალისტების ნივთიერად უზრუნველყოფა. 3. სამხედრო და საგანგებო სასამართლოს გაუქმება. 4. შემოღება მთელს რესპუბლიკაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისა. 5. უდიდეს საქმეთა გამომძიებელთა რიცხვის გადიდება. 6. სამსახურიდან დათხოვნა ადმინისტრაციის იმ მოსამსახურეებისა, რომლებიც თავის დროზე არ შეასრულებენ სასამართლოს დავალებას.

მსგავსი/Related

Back to top button