Placeholder canvas
დაწვრილებით

ვინ რას ჰპირდება ამომრჩეველს: ქართული პარტიების წინასაარჩევნო გზავნილები

უკანასკნელი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული წინასაარჩევნო გარემო განსხვავებული კამპანიის წარმოებისათვის საჭირო სივრცეს ქმნის, იქნება ეს ძველი და დიდი პარტიებისთვის, თუ ახლად წარმოქმნილი, შედარებით მცირე ზომის გაერთიანებებისთვის.

სამოქალაქო საქართველომ (Civil.ge) თავი მოუყარა იმ ძირითად საარჩევნო გზავნილებს, რომელთა საშუალებითაც პოლიტიკური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობენ.

ძირითადი ტენდენციები:

  • წარსულის ტრავმებმა კვლავ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებებში, სულ მცირე, პოლიტიკოსებს ასე სჯერათ;
  • ოპოზიციურ ძალთა გამოკვეთილი გამაერთიანებელი მიზანი „ოლიგარქის მმართველობის“ დასრულებაა;
  • Facebook-ისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის დამსახურებით, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში ბინძური კამპანიების სიმძაფრემ იკლო, რაც პარტიებს აიძულებს, უფრო შემოქმედებითი გზები ეძიონ ონლაინსივრცის მომხმარებელთა გულის მოსაგებად;
  • პარტიათა სიმბოლიკაში დღის წესრიგში მზარდად მდგარი გარემოსდაცვითი პრობლემების გამო „გამწვანება“ შეინიშნება;
  • როგორც ჩანს, არჩევნებში „ქართულ ოცნებას” ერთგვარი ამერიკული ოცნება დაუპირისპირდება, რამდენადაც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ შთაგონებას ამერიკულ და დასავლურ მოდელებში ეძებენ;
  • შედარებით ახალი და მცირე ზომის პარტიები ცდილობენ, ამომრჩეველს თავი დიდი ხნის ნანატრ „მესამე ძალად“ წარუდგინონ;
  • ბევრი გვპირდება ეკონომიკის გადარჩენასა და სიღარიბის დასრულებას, თუმცა ამ მხრივ, პროგრამები ახალი და განსხვავებული იდეებში მოიკოჭლებენ.

ქართული ოცნება, ანუ „ჩემი საქართველო აქ არის“

მმართველ პარტიას არც ამ არჩევნების წინ აკლია ოპონენტთა კრიტიკა კამპანიის „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან ცოდვებზე დაფუძნების გამო. თუმცა როგორც ჩანს, „ოცნებას“ ანგარიშზე საკმარისი თანხა აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში აწმყოსა და მომავალსაც გასწვდეს – და ეს ყველაფერი ისე, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობების ხაზგასმა  არასდროს ავიწყდება.

წარსულზე ორიენტაციის მაგალითია ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპიც, რომელშიც ყოფილი პოლიტპატიმარი წინათ განცდილ უსამართლობაზე საუბრობს და ამ მხრივ უკეთესობისკენ შეცვლილ გარემოზე მიანიშნებს.

პარტიის წამყვანი სარეკლამო კლიპი კი, სათაურით „ჩემი საქართველო აქ არის“, მთელი თავისი დიდებულებით წარმოაჩენს ფოტოგრაფის ობიექტივით დანახულ საქართველოს, აღსავსეს უბრალო ისტორიებით, ჰარმონიითა და სილამაზით.

ფრაგმენტი საარჩევნო კლიპიდან “ჩემი საქართველო აქ არის”

რაც შეეხება მომავალს, რა უნდა შემოგვთავაზოს მმართველმა პარტიამ, თუ არა, უბრალოდ, აღმშენებლობის გაგრძელება – „ოცნების“ მორიგი საარჩევნო კლიპი რიცხვებში აღწერს თავის საარჩევნო დაპირებებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მდიდარი საქართველო, ძლიერი ოჯახი

თუკი „ოცნების“ ლიდერების მოსმენის შემდეგ მაინც შემოგრჩათ წარსულის მონატრება, თქვენთვის ნამდვილი მისწრება „ნაციონალური მოძრაობის“ Facebook გვერდი იქნება. აქ მრავლად წააწყდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო-ვიდეო მასალას, მათ შორის კლიპსაც, სადაც მიშა ლეგენდარული სუპერ-მარიოს თამაშის გმირად გვევლინება:

ენმ-ის Facebook-ის ფოტო-გალერეა მიშას გამოსახულებების სიმრავლეს არ უჩივის

მაშინ, როდესაც ოლიგარქის რუსული მენტალობის მმართველობის დასრულება ენმ-ის მთავარი საარჩევნო დაპირებაა, პარტიის საარჩევნო პროგრამა ასევე მოიცავს ეკონომიკის განვითარებას და მართლმსაჯულების რეფორმებს, მთავარი საარჩევნო სლოგანი კი „მდიდარ საქართველოს“ და „ძლიერ ოჯახს“ გვპირდება:

კადრი ნიკა მელიას წინასაარჩევნო კლიპიდან

ძირითად საარჩევნო კლიპებში ენმ-ის კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები დაპირებებს ხუთ თითზე ითვლიან, რაც პარტიის ისტორიულ საარჩევნო ნომერს – ხუთს ეხმიანება. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ფრაგმენტებზე გლდანის მაჟორიტარი ნიკა მელია მართლმსაჯულების რეფორმას წარმოადგენს (და პირობითი გათავისუფლების შემდეგ პრობაციის სააგენტოს მიერ დამაგრებულ სათვალთვალო სამაჯურს გვაჩვენებს):

„ევროპული საქართველო“ – შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის

„ევროპული საქართველო“ „არც მიშა – არც ბიძინა“ ამომრჩეველთა ხმებზე ნადირობს და საარჩევნო კამპანია „გარდამტეხი ცვლილებების“ დაპირებას აფუძნებს.

„ევროპული საქართველოს“ ინტერნეტ-რეკლამა

სხვა პარტიებთან ერთად, „ევსაქები“ აშშ-ის მოდელზე დაფუძნებულ მართლმსაჯულების რეფორმებს გვთავაზობენ, და სხვათა შორის, დროებით უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანასაც გვპირდებიან.

პარტია, რომელსაც ენმ-ისა და „ოცნებისგან“ ღია და კატეგორიული გამიჯვნის გამო ორივე მხრიდან „ხვდება“, ცდილობს, პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში თავი სხვებთან შედარებით უფრო კონსტრუქციულ და თანამშრომლობისთვის მზად მყოფ ძალად წარმოაჩინოს. შესაბამისად, ვაკის მაჟორიტარის, ელენე ხოშტარიას ონლაინკამპანია მის მიმართ მისივე კონკურენტების მიერ გამოხატულ მხარდაჭერას წარმოგვიდგენს:

ლელო საქართველოსთვის და მარშალის გეგმა

სანამ სხვები ქვეყანაში უცხოელ შერიფებსა და მოსამართლეებს ეპატიჟებოდნენ, პოლიტიკაში წასული ბანკირის, მამუკა ხაზარაძის „ლელოსაც“ არ დაუკრეფია გულზე ხელი და თავისი ამერიკული ოცნება არ დავიწყებია. პარტია, რომელიც არჩევნებში პირველად ცდის ბედს და არც მეტი, არც ნაკლები – მარშალის გეგმას გვთავაზობს საქართველოს ასაღორძნებლად. გეგმა ძლიერი საშუალო კლასის შექმნასა და საქართველოს რეგიონის პოლიტიკურ, ფინანსურ, ლოჯისტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცევად გვპირდება.

სტრატეგია აღმაშენებელი – საქმის მკეთებელთა გუნდი

კიდევ უფრო ღრმა წარსულში რომ გადავინაცვლოთ, დავით აღმაშენებელს არც არასდროს შეუწყვეტია მაგალითი ყოფილიყო რეფორმებს მოწყურებული ამბიციური ქართველი პოლიტიკოსებისთვის: იგი ამჯერად გიორგი ვაშაძის –  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ენერგიული ლიდერის – შთაგონებად იქცა. სანამ ვაშაძე ნაადრევად ცდილობს თავი მომავალ პრემიერ-მინისტრად წარმოგვიდგინოს, მისი პარტიის კამპანიის მთავარი ხაზი საქმის მკეთებელთა გუნდის ცნებაზე გადის, რომელიც კონტრასტს ქმნის ივანიშვილის „ფულის მკეთებელთა“ გუნდთან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინტერნეტ-რეკლამა

„პატრიოტთა ალიანსი“ vs დამნაშავეები

მოსკოვთან დაახლოებულ პატრიოტთა ალიანსს, როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ გამიჯვნის მცდელობების დიდად არ სჯერა, რადგან გიგა ბოკერიას, „ევსაქების“ ლიდერს, მტკიცედ აქვს ადგილი გარანტირებული ალიანსის ბოროტმოქმედთა სიაში – სააკაშვილისა („ენმ“) და ირაკლი კობახიძის („ოცნება“) გვერდით (თუმცა საკითხავია, რამდენად მძაფრია პატრიოტების დაპირისპირება მმართველ გუნდთან). პარტიის წინასაარჩევნო კამპანია უკვე არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, მათ შორის, მოსკოვისგან მოთხოვნილი სავარაუდო დაფინანსებისა და ანტი-თურქული აგიტაციის გამო.

მათ გზავნილებს კი ყველაზე უკეთ წინასაარჩევნო შეკრების ანონსი ასახავს:

კადრი „ობიექტივზე“ გასული ანონსიდან

ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“ – ძალა და გამოცდილება

ქართველ ამომრჩეველს უკვე ვერც ვერაერი გააკვირვებს, რაც მან ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი და რუსეთის ბევრად უფრო დახვეწილი მეგობარი ნინო ბურჯანაძე საერთო მაგიდასთან იხილა ისეთ ძალებთან, რომლებიც ღიად და გამოხატულად მიმართავენ პროდასავლურ და კრემლის საწინააღმდეგო რიტორიკას. ბურჯანაძე ამომრჩეველს „ძალას და გამოცდილებას“ სთავაზობს, არჩევნების შემდეგ კი დანაშაულებრივი შეთანხმებების გაუქმებას ჰპირდება:

„ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკური რეკლამა

ძვირფასო მოქალაქენო – ალეკო გისმენთ!

ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, თავს ისეთ პოლიტიკოსად წარმოაჩენს, რომელიც მზადაა პირადად მოისმინოს თითოეული მოქალაქის გულისტკივილი – ასე რომ, თუკი ტელეფონზე აკრეფთ ნომერს – 593 58 40 52, თქვენ თვით ალეკო მოგისმენთ!

 ანა დოლიძე და საბჭოთა ლიფტების ამბავი

ანა დოლიძემ – იურისტმა, რომელიც დიდად ვერც ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს ერგება და ვერც კლანურ მოსამართლეებს – საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაც მარტომ გადაწყვიტა და დიდუბე-ჩუღურეთში დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

დოლიძე, რომელმაც საზოგადოებას ბოლო პერიოდში, მათ შორის, „სიკვდილით სავსე ქალაქზე“ საუბრით დაამახსოვრა თავი, კამპანიის ფარგლებშიც აგრძელებს უსაფრთხოების საკითხებზე საუბარს. მაგალითად, მას ხშირად გამოაქვს სააშკარაოზე იმ საბჭოთა პერიოდის ლიფტების მძიმე მდგომარეობა, რომლებითაც თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე სარგებლობს.

https://www.instagram.com/p/CEo-JClomIc/?utm_source=ig_embed

„გირჩი“ – თავისუფლებაზე ახირებული ხალხი

მიუხედავად არც თუ ისე მაღალი რეიტინგისა, „გირჩი“ მაინც ახერხებს ისე იხმაუროს, რომ დოლიძისა თუ ოცნების გია ვოლსკის კონკურენტად დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მათი არაორდინალური ლიდერი, დააყენებინოს.

კადრი ზურა ჯაფარიძის კრეატიული წინასაარჩევნო ვიდეო-კლიპიდან

თუმცა მაშინ, როდესაც პარტია თავს ახალგაზრდულ, მომავალზე ორიენტირებულ ძალად წარმოაჩენს, ვერც გირჩი გაურბის წარსულის ტრავმებს – მაგალითად, პარტიაში პროგრესულ რეფორმებს, ჩვეულებრივ, კომუნიზმის აჩრდილად აღიქვამენ, რომელიც, საბჭოთა რეჟიმის მსხვრევის მიუხედავად, საქართველოში ჯერ მაინც დაძრწის.

ლეიბორისტული პარტია – დავასრულოთ ოლიგარქია, ვიზრუნოთ ცხოველებზე

ახირებულ და არაორდინალურ ადამიანებზე ვსაუბრობდით და იდეოლოგიური სპექტრის მეორე მხარეს (სულ მცირე, გაცხადებულად) ბოლთის მცემელი ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილიც არ უნდა გამოგვრჩეს.

იმ ფონზე, როცა მწვანე პოლიტიკას უკვე ბევრმა პარტიამ აუნთო მწვანე, ლეიბორისტების ლიდერი სოციალური ქსელის მომხმარებელთა გულის მოგებას, ტრადიციული ანტი-ოლიგარქიული გზავნილების გარდა, ცხოველთა უფლებებზე ზრუნვის წარმოჩინებითაც ცდილობს. მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე ნათელაშვილი იგი კატასთან ერთად ჩნდება და ყველა რეგიონში მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის მოწყობას გვპირდება.

კონსერვატორები – ტრადიციული ღირებულებები, ოღონდ რუსეთის გარეშე

თუკი გჯერათ, რომ ეროვნულ ტრადიციებსა და ოჯახის სიწმინდეს გვართმევენ, თუმცა ეს საკითხი რუსეთის დახმარების გარეშე უნდა გადაწყდეს, მაშინ შეგიძლიათ, საარჩევნო ალტერნატივად ზვიად ძიძიგურის კონსერვატიული პარტია განიხილოთ.

„ქართულ ოცნებასთან“ უმცროსი კოალიციური პარტნიორის რანგში 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პარტია წელს დამოუკიდებლად სინჯავს ნიადაგს წინაასარჩევნო გზავნილით „მეტი კონსერვატორი – მეტი სტაბილურობა“ – რაც, ამ ჩვენს მუდმივად ცვალებად, ქაოტურ და ფათერაკებიან სამყაროში არც თუ ისე ცუდად უნდა ჟღერდეს.

„ერთიც, მეტი კონსერვატორი გვჭირდება!“ – ერთ-ერთ წინასაარჩევნო ვიდეოში ძიძიგური ჯანსაღი ცხოვრების წესის აგიტაციას ეწევა და თანაც თავის ვაჟს გამოწვევის წინაშე აყენებს: არჩევნებზე იმდენ პროცენტს მივიღებთ, რამდენჯერაც აზიდვას მოახერხებო (საბოლოო პროგნოზი სადღაც 10-11 პროცენტს შორის მერყეობს).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button