skip to content
ახალი ამბები

უარყოფითი რეაქციების შემდეგ „პატრიოტების“ ანტითურქული საარჩევნო ბანერი ჩამოხსნეს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერები, რომელზეც „თურქეთის მიერ აჭარის რეგიონის ოკუპაცია“ იყო გამოსახული და რომელსაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა, 29 აგვისტოს ჩამოხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბანერი, თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელი სარფისკენ მიმავალ გზაზე იყო განთავსებული. ბანერზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული, რომელზეც აჭარა, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად წითლად იყო მონიშნული. ბანერზე აჭარის მისამართით თურქეთის მხრიდან სამი წითელივე ფერის ისარი იყო მომართული. ბანერზე შემდეგი შინაარსის ტექსტიც იკითხებოდა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

აჭარას – საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონს, 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია მართავდა, სანამ ბრწყინვალე პორტამ პროვინცია 1878 წელს რუსეთის იმპერიას არ დაუთმო.

ბანერის შინაარსი ერთნაირად დაგმეს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციაში.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ პატრიოტთა ალიანსის ბანერი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ „მიზანმიმართულ, ძალიან მძიმე პროვოკაციად“ შეაფასა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი – ხაზი გაუსვა, რომ ეს არის „რუსული დაკვეთა“ და დასძინა, რომ აღნიშნულს „პოლიტიკური პასუხი“ გაეცემოდა. მანვე აღნიშნა, რომ „პატრიოტების“ საარჩევნო ბანერს ჩამოხსნიდნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ აღნიშნული „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ღია და პირდაპირი დანაშაულია“. „როდესაც რჩება დაუსჯელი, ნიშნავს ერთადერთ რამეს, გაუქმებულ სახელმწიფოს“, – დასძინა მანვე.

„აი, ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით“, – დაწერა ასევე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

სოციალურ მედიაში ბანერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, პარტია ლელო საქართველოსთვის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ Facebook-ის პირადი გვერდიდან ე.წ. „ლაივი“ ჩართო, სადაც ჩანდა, რომ მან „პატრიოტების“ სააგიტაციო მასალა ჩამოხსნა. Facebook-ის კიდევ ერთ პოსტში კუპრაძემ თქვა, რომ „მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში!“

მოგვიანებით, ლელოს ქმედება ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ასევე Facebook-ით გააკრიტიკა და დაწერა, რომ ბანერი ბათუმის მერიამ ჩამოხსნა.

განცხადება გაავრცელა ბათუმის მერიამაც და განმარტა, რომ ბათუმში, „ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის“ მიერ ორ ადგილას „უნებართვოდ“ განთავსებული სარეკლამო ბანერები ბათუმის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ ჩამოხსნა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

პატრიოტთა ალიანსის პასუხი

ბანერის თემას პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი Facebook-ზე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პარტიის წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაციაა“. მანვე ბანერის საბოლოო ვერსიასთან პატრიოტთა ალიანსის კავშირი უარყო და ხაზი გაუსვა, რომ პარტიის პოლიტსაბჭო ბანერის სრულიად სხვა დიზაინზე შეთანხმდა, რომელზეც აჭარა „არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos!“ უნდა ყოფილიყო.

ინაშვილმა სოლიდური თანხის სანაცვლოდ, პატრიოტთა ალიანსიდან „შიდა ინფორმაციის“ გადატანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დადანაშაულა.

მანვე აღნიშნა, რომ პარტია აჭარაში თურქეთის მხრიდან მიზანმიმართულ ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე უკვე მრავალი წელია საჯაროდ საუბრობს და დასძინა, რომ ქართულმა ოცნებამ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატი „თურქული გემის ფონზე“ წარადგინა, რაც „ერთობ ეხმიანება ოცნების ლიდერების პათოსს“.

TINP.ge – პატრიოტთა ალიანსთან ასოცირებული გვერდი, რომელიც თავს მედიად წარმოაჩენს და Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით ირმა ინაშვილის ანტითურქულ გზავნილებს არეკლამებს

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button