skip to content
რესპუბლიკის ამბები

ფიქრები ჯავის ხეობაში

გაზ. ერთობა, 1920 წლის 29 ივლისი, N169

ფიქრები ჯავის ხეობაში

გინდათ თქვენ მეგობრობა? ჩენ ღალატს მოგიმზადებთო,  – გვესმოდა ხოლმე ჯავის ოსებისაგან ეს სიტყვები ყოველთვის, როდესაც ძმურად გაგვიწვდია ხელი და აუსრულებიათ კიდეც ქადილი:

– რას გვემართლებოდნენ?

ძნელად მოიპოვება ერი, რომელსაც ისეთი ცხოველი ბუნება ჰქონდეს  ინტერნაციონალისტისა, როგორც ქართველი ერია. „მე მინდა თავისუფალი ვიყო, ბედნიერი, დაე სხვამაც იბედნიეროს, განაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობის აქტით და მოუხმო ყველას შეეტკბოთ და შეეყვარებინათ თავისუფლების კვარცხლბეკი საქართველო.

საქართველომ ისე შეისისხლხორცა ერთა თანამშრომლობის და სოლიდარობის საჭიროება, რომ უმეზობლოდ არსებობა ჯოჯოხეთურ ტანჯვად მიაჩნია. როგორ ვევოლიავებოდით, ვეფერებოდით ჯავის მცხოვრებთ, მაგრამ ვერ მოვინადირეთ მათი გული. მუდამ ბურტყუნებდნენ, შფოთავდნენ, ამბოხებებს გვიწყობდნენ. ამ ბოლო ხანსაც ისე მოღალატურად მოგვექცნენ,  ლედი მაკბეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, არაბეთის ყველა სურნელოვანი წყლები და ნელსაცხებელნიც ვერ განბანს მათს მუხანათურ ხელებს.

ვეღარ გაუძლო საქართველოს ლაშქარმა და რისხვად დაატყდა, ქარტეხილად გადაიარა მათს საბინადროში. მე ვნახე ჯავის ამაყი ხეობა, მას აღარ აქვს ძველი მედიდურობა. დაცარიალებულია სოფლები. აღარსად ისმის ადამიანის ხმაური. უაზროდ გამოიყურებიან ღია დარჩენილი კარებები, საიდანაც უკანასკნელად გავიდნენ ისინი, ვინც ღალატის წიწილებს ზრდიდა თავის გულში. მორჩა, გათავდა, ვეღარ დაბრუნდე იგინი.

ვუყურებ ჯავის მდიდარს ბუნებას, უვლიდი გარს ნიავის ქროლვით მოღიღინე ყანებს და ვამბობდი. უბადრუკნო, რას ატროკდით, რად დაიღუპეთ თავი, რატომ არ შეიფერეთ საქართველო? რა დაგაკელით? არაფერი, მთიულ-მოხევე-რაჭველები და სხვა უმიწაწყლო კვერცხში წივიან გაჭირვებისაგან და მაინც მთავრობის მზეს ფიცულობენ. მათ, რომ ასეთი ხეობა მისცეთ ხომ სიხარულით ცას მოეწეოდნენ. ჯაველებმა კი ფასი არ დაადეს თავის ბედნიერებას და სიბედშავეში გასცვალეს იგი. მთელი სოფლები აყრილა და შეჰხიზვნია ჩრდილოეთის ცივ მთებს.

დაცარიელებულია ის ჯავა, რომელიც სამრეკლო იყო საქართველოს ორგულობისა. თუ რომელიმე მაზრაში ოსობას საზოგადოებრივ-კულტურულ საქმეში მონაწილეობის მიღებას შევთავაზებდით – მათ ჯავისკენ უნდა მიეპყრათ თვალ-ყური. ვნახოთ, შევეკითხებით ჯავა რას გვირჩევს:

კარგი მოუვიდეთ, კარგი მათ არ ურჩიეს და ჩაადენინეს.

„ჩვენი ცოდვა ზიდონ ჯავაში მოკალათებულ მოღალატეებმა, რომელთაც დაგვაბრიყვესო“ – შემომჩივლეს ცხინვალში ოსებმა. ჯავის „მთავარ ანგელოზებმა“ რა წამს იწვნიეს ჩვენი ძალა, ყოველის უწინარეს მოუსვეს სამშვიდობოსკენ და მიატოვეს უპატრონოდ თავისი ლაშქარი.

ჯავის ხეობის სანახაობამ ჩემს მეხსიერებაში გააცოცხლა საფრანგეთის რევოლუციის ამბები. როდესაც კონტრრევოლუციონერებმა წამოჰყვეს თავი და სასიკვდილოდ შეებრძოლნენ რევოლუციონურ მთავრობას – კონვენტი იძულებული შეიქმნა სასტიკი ზომები მიეღო.

ქალაქ ლიონში გამაგრებული იყვნენ როიალისტები და კონვენტმა გადასწყვიტა ამ ქალაქის განადგურება. რევოლუციონერთა სახელოვანი სარდალ კუტონს ნაბოძები ჰქონდა აეღო ქალაქი და მისს ნანგრევებზე აღემართა ძეგლი ზედ წარწერით: „ლიონი იბრძოდა თავისუფლების წინააღმდეგ – აღარ არის ლიონი“. კუტონმა აასრულა ბრძანება და ქალაქს ახალი სახელი დაარქვა: „განთავისუფლებული თემი“.

დღეს ჯავის ხეობაში ჩასასახლებლად მოდიან უმიწაწყლობით შეწუხებული ქართველობა და კარგსაც სჩადიან… საქართველოს ბევრი მტერი ახვევია და საზღვრებზე უნდა ჰყავდეს პიტალო კლდეებისათვის შემორტყმული ერთგული ქართველობა, თუ გვინდა, რომ იგი იყოს მარად გადულახავი და უძლეველი.

დავით თურდოსპირელი (ჩხეიძე)

[box type=”note” align=”” class=”” width=””]ჩანაწერის ავტორის შესახებ: დავით თურდოსპირელი, იგივე დავით ჩხეიძე (1888-1948) გახლდათ მწერალი. იყო პირველი რესპუბლიკის პერიოდში საერობო რეფორმის ინსტრუქტორი.

ჯავაში აჯანყებაზე: 1920 წლის მაისში გორის მაზრის ჯავის რაიონში მცხოვრებმა ოსებმა აჯანყება წამოიწყეს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალები წითელ არმიისაგან თავდასაცავად აზერბაიჯანის საზღვარზე  იყვნენ მობილიზებულნი. ხელისუფლებამ დროულად ვერ აღკვეთა აჯანყება. მხოლოდ 1920 წლის ივნისში დაიწყო ხელისუფლებამ აჯანყების ჩახშობისათვის სამხედრო ოპერაცია. სამხედრო ოპერაციის წამოწყებისთანავე ჯავის რაიონის ოსური  მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა  ხეობა და ჩრდილო ოსეთში გაიხიზნა.  მცირედი ბრძოლების შედეგად სულ რამდენიმე დღეში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს აჯანყებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და გაათავისუფლეს მეამბოხეებისაგან. – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.[/box]

მსგავსი/Related

Back to top button