ბოდიშის თაობაზე ივანიშვილის განცხადების შემდეგ ცხინვალი „პრაქტიკულ ზომებს“ ელის
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 17 სექტემბერს განცხადება გაავრცელა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო „ოსი დებისა და ძმებისთვის“ ბოდიშის მოხდის თაობაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ეს განცხადება საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა იქნას განხილული და რომ ცხინვალი მომავალში „პრაქტიკული ზომების“ განხორციელებას ელის.
განცხადებაში ნათქვამია: „მოველით, რომ ასეთი რეალური ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას დაადასტურებდა, მალე გახდება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი საქართველოს მიერ ძალის ან მუქარის გამოუყენებლობაზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ“.
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ქართულ-ოსური ურთიერთობების თემა, ასე თუ ისე, გამოყენებულ იქნება შიდა პოლიტიკურ წინასაარჩევნო ბრძოლაში. თუმცა, ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული დროის გარკვეულ მომენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური ვექტორი „განპირობებულია რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო და ინტეგრაციული კავშირების გაძლიერების აუცილებლობით, რომელიც არის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი და რომლის ტერიტორიაზეც დაყოფილი ოსი ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/09/2024 – „ოსი ძმებისა და დებისთვის“ ბოდიშის მოხდაზე ივანიშვილის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოეხმაურნენ
- 16/09/2024 – „ოსი ძმებისა და დებისთვის“ ბოდიშის მოხდის თაობაზე ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)