Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1920: მთავრობა გზების შეკეთებას იწყებს

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 27 ივლისი, N166

გზათა დეპარტამენტი

გზების შეკეთება.

გზათა მიმოსვლის დეპარტამენტმა დაამუშავა საკითხი ერობის გამგებლობაში მყოფ ზოგიერთ გზა-ტკეცილების და შარა-გზების დეპარტამენტის გამგებლობაში გადაცემის შესახებ. თავის მოხსენებაში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ ჟამად მის გამგებლობაში იმყოფება 1 029 ვერსის [ 1 ვერსი = 1.06 კილომეტრს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. სიგრძის გზა-ტკეცილი და 263 ვერსის შარა-გზა. ამ გზების პირდაპირი გამგებლობა დავალებული აქვს გზა-ტკეცილების სამმართველოს. რესპუბლიკის დანარჩენი გზები ერობის ხელში არის.

საგანგებო კომისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა იმის გამორკვევა, თუ ვის უნდა გადაეცეს გზა-ტკეცილები და შარა-გზები, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გზა-ტკეცილების სამმართველოს უნდა გადაეცეს გზები 1 880 ვერსის სიგრძით. თავის მხრით გზათა მიმოსვლის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში უნდა გადავიდეს ის გზები, რომელთაც დიდი სახელმწიფო მნიშვნელობა აქვთო. დასასრულს გზათა მიმოსვლის დეპარტამენტის დირექტორი სთხოვს მიიღონ შემდეგი მისი დებულებანი:

  1. გადავიდეს გზათა დეპარტამენტის განმგებლობაში დამატებით 1 018 ვერსის გზა-ტკეცილისა და შარა-გზებისა თანახმად წარმოდგენილ სიისა.
  2. დადასტურებულ იქნას წარმოდგენილი ხარჯთ-აღრიცხვა ამ გზების 1920-1921 წლების განმავლობაში შენახვისა საერთო ჯამით 50 მილიონი მანეთი და სათანადო კანონ-პროექტი წარედგინოს დამფუძნებელ კრებას.
  3. სანამ აღნიშნული კანონ-პროექტი დამტკიცდებოდეს კანონმდებლობითი წესით, მიეცეს უფლება გზათა დეპარტამენტს გასწიოს ხარჯი ახალ გზებზე გზა-ტკეცილებისათვის გადადებული თანხიდან.

მსგავსი/Related

Back to top button