skip to content
რესპუბლიკის ამბები

დამფუძნებელმა კრება ბიუჯეტის შემუშავება დაიწყო

გაზ. ერთობა, 1920 წლის 18 ივლისი N160

ბიუჯეტი

დამფუძნებელი კრება შეუდგა ბიუჯეტის განხილვას. ეს პირველი ბიუჯეტია საქართველოს რესპუბლიკისა და როგორც დამფუძნებელი კრება, ისე მთელი საქართველოს დემოკრატია მთელი თავისი ყურადღებით უნდა მოეკიდოს მას. ბიუჯეტი – ეს არის სარკე მთელი პოლიტიკისა, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს. მაჩვენე, როგორია შენი ბიუჯეტი და მე გეტყვი, როგორია შენი წყობილება, – შეიძლება ვუთხრათ ჩვენ სახელმწიფოს.

სხვადასხვა დაუძლეველი მიზეზების გამო პირველი ბიუჯეტის განხილვა დიდის დაგვიანებით ხდება: 1919-1920 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს post factum იმ დროს როდესაც ნავარაუდევი თანხები უკვე დიდი ხანია დახარჯულია.

ბიუჯეტის დაგვიანებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ნავარაუდევია ხარჯებმა ბონების კურსის დაცემის და ამით გამოწვეული საქონლის სიძვირის გამო ძლიერ აწია და ის თანხები, რომელიც გათვალისწინებული იყო ერთი წლის წინ, დღესაც სრულებით აღარ ვარგა. ამ ფაქტის გამო ზოგიერთი იმ აზრს გამოთქვამს, რომ რაკი ბიუჯეტის ფიქსაცია, რაიმე ჩარჩოებში მოქცევა, შეუძლებელია, მაშ ისა სჯობია, რომ სახელმწიფო სრულიად უბიუჯეტოთ ცხოვრობდესო. მაგრამ ეს აზრი სრულიად შეუწყნარებელია. ბიუჯეტის დროზე განხილვა დღეს თითქმის ევროპის არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება, ვერ ხერხდება იქ  ვერც ბიუჯეტის ფიქსაცია. მაგრამ იქ მაინც ბიუჯეტზე უარი არავის უთქვამს. მთავარი მნიშვნელობა ბიუჯეტში შემოსავალ-გასავლის რაოდენობას კი არ აქვს, არამედ იმ გეგმას, რომელზედაც არის აგებული სახელმწიფოს მეურნეობა, ის პროცენტული ფარდობა (ოტნოშენიე), რომელიც დაცულია სხვადასხვა დარგის შემოსავალ-გასავალში, ეს ფარდობა ერთია რეაქციონულ სახელმწიფოში და სულ სხვაა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ბონების კურსის დაცემა ძლიერ ხელს უშლის ბიუჯეტს, მაგრამ ეს არ არის ისეთი დაბრკოლება, რომ ამის გამო ჩვენ ბიუჯეტის საჭიროება უარვყოფთ ბონების კურსის დაეცემა ხარჯების გადიდებასთან ერთად უნდა ზომები იყოს მიღებული შემოსავლის სათანადო გასადიდებლათაც; ხოლო როგორც ხარჯების, ისე შემოსავლის გადიდება უნდა ხდებოდეს ისე, რომ არ დაირღვეს სახელმწიფოს საფინანსო-სამეურნეო გეგმა, რომელიც გამოხატულებაა სახელმწიფოს მთელი პოლიტიკისა.

შევხედოთ ამ გეგმის მხრივ ჩვენი რესპუბლიკის პირველ ბიუჯეტს პროექტს, ხალხის ცხოვრების რომელ დარგებზე უფრო მეტს ხარჯავს ჩვენი სახელმწიფო? პირველი შეხედვით შეიძლება იფიქროს ვინმემ, რომ ჩვენი ბიუჯეტი ბურჟუაზიული სახელმწიფოს ჩვეულებრივ ბიუჯეტს წააგავს და მისგან არ განსხვავდება: აქაც პირველი ალაგი სამხედრო ხარჯებს უჭირავთ და მაშასადამე, ხალხის ოფლით მონაგარი იხარჯება იმისთანა რამეზე, რაც ხალხს არავითარი სარგებლობის სახით აღარ უბრუნდება. მაგრამ ცხადია, რომ სამხედრო ხარჯებს აქვთ თავისის გასამართლებელი საბუთები. უმთავრესი მათგანი ის არის, რომ მტრების გამუდმებული შემოსევა და მათგან თავდაცვის საჭიროება აუცილებელი პირობა იყო ყოველი საქმიანობისა. სამწუხაროა, რომ ამ საქმეზე ასე ბევრი 27% მთელი ბიუჯეტისა იხარჯება, მაგრამ ამას უნდა შევურიგდეთ როგორც აუცილებლობას.

მიუხედავათ ამისა ჩვენი ბიუჯეტი ძლიერ განსხვავდება ბურჟუაზიული სახელმწიფოს ჩვეულებრივი ბიუჯეტისაგან. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს რომ ჩვენი სახელმწიფო ცდილობს თავისი შემოსავალი დახარჯოს იმისთანა საქმეებზე, რომლებიც მუდმივს რასმე აძლევს ხალხს, აძლიერებენ და ანოყიერებენ მის შრომას და მაღალ კულტურულ საფეხურზე აჰყავთ საზოგადოება. მეორე ადგილი, სამხედრო სამინისტროს შემდეგ უჭირავს გზათა სამინისტროს, მაშასადამე სახელმწიფოს შემოსავლის დიდი ნაწილი მოხმარებია დანგრეული რკინის გზის აღდგენას. შემდეგი ადგილი დათმობილი აქვს ვაჭრობა-მრეწველობას. ამას მოსდევს სახალხო განათლება, რომელიც, როგორც ვიცით რუსეთის ბიუჯეტში თითქმის უკანასკნელ ადგილზე იყო მიგდებული. რომ ერთად მოვუყაროთ თავი ყველა იმ ხარჯებს, რომლებიც სააღმშენებლო და საკულტურო ხასიათის საქმეებს ხმარდება, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ საქმეებს ჩვენს ბიუჯეტში ნახევარზე მეტი ყურადღება აქვს მიქცეული.

ასეთსავე შთაბეჭდილებას მივიღებთ შემოსავლის განხილვისას. მართალია, ის კრიზისი, რომელსაც მთელი კაცობრიობა განიცდის, შეუძლებლად არ ხდის გადასახადის სისტემის ისეთი დემოკრატიზაცია მოვახდინოთ, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი პრინციპები; მართალია  ისიც, რომ არა-პირდაპირ გადასახადს ჩვენს შემოსავალში დიდი ალაგი უჭირავს, მაგრამ მართალია ისიც, რომ ამ გადასახადის გაუქმება ჯერ-ჯერობით ევროპის ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ მოხერხებულა; მართალია ისიც, რომ პირიქით, არა-პირდაპირი გადასახადის რაოდენობას მსოფლიო კრიზისის გამო თითქმის ყველგან აიწია და ამ გარემოებას თითქმის ყველა სოციალისტური პარტიები უკვე ურიგდებიან.

მაგრამ ჩვენი შემოსავლის სისტემაში ის არის, ყველაზე დიდი ნაწილი (747 მილიონი) შემოსულია „სახელმწიფო ხაზინის ქონებიდან და თანხებიდან“.

მაშასადამე ბიუჯეტის პროექტი აშკარათ გვიჩვენებს იმ ტენდენციას, რომელიც სარჩულად უდევს ჩვენი სახელმწიფოს სამეურნეო პოლიტიკას.

შემოსავლის წყაროდ, რაც შეიძლება მეტ წილად, უნდა გახდეს სახელმწიფოებრივი წარმოება. სახელმწიფოს თანხების რაც შეიძლება მეტი წილი უნდა იხარჯებოდეს აღმშენებლობით შემოქმედებით და კულტურულ საქმეებზე.

მსგავსი/Related

Back to top button