ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩისადმი კრიტიკულ განცხადებებს „გმობს“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მისიის მიერ გერმანიის ელჩის მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა. სამინისტრომ ჰუბერტ ქნირშის მისამართით ბოლო დროს გაჟღერებული კომენტარები „დაგმო“ და ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ღრმა პატივისცემა დაუდასტურა.

საგარეო უწყების მიერ 30 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის „ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება“ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პროცესს.

სამინისტროს თქმით, მათთვის მიუღებელია „უპასუხისმგებლო ქმედებები“, რომლებსაც „სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით“.

„მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება  სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ ქართველი დიპლომატების სახელით ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

გერმანელი დიპლომატის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა ამ უკანასკნელის მიერ 26 ივნისს გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა, რომლის თანახმადაც, 8 მარტის შეთანხმებაში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა ნახსენები საერთოდ არ არის. ელჩს, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი შუამავალი იყო, გიგა ბოკერია და შალვა ნათელაშვილი გაუწყრნენ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ქნირში „ქართული ოცნებიდან“ დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულა და გერმანიის „პრო-რუსულ ხელისუფლებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button