ახალი ამბები

არასამთავრობოები „ფეისბუქს“ არჩევნების წინ პოლიტიკური რეკლამების გამჭირვალობის ზრდისკენ მოუწოდებენ

Tags

47-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ 29 ივნისს მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძლებელს და CEO-ს, და ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს, ღია წერილი გაუგზავნეს, სადაც მოუწოდებენ მათ, რომ აღკვეთონ „ანონიმური, კოორდინირებული  და დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის“ კამპანიები საქართველოში.

მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, მიიღოს ინფორმაცია რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობის და თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობის შესახებ.

ხელმომწერი ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ „ფეისბუქის“ მხრიდან დროული რეაგირება და ამ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ქართული დემოკრატიისა და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ გარედან მომდინარე გამოწვევებისგან“.

წერილის თანახმად, „პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისა და უცხო ქვეყნის აქტორების მიერ „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოყენებით თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობები“ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

აღნიშნეს რა, რომ „ფეისბუქის“ მიერ 2019 და 2020 წლებში არაავთენტური ანგარიშების წაშლამ „მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში“, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი ჰქონდა, ვინაიდან მსგავსი არაავთენტური გვერდები „კვლავ იქმნება და ახალი ტაქტიკების გამოყენებით ცდილობენ თავიდან აიცილონ „ფეისბუქის“ სამომავლო სანქციები“.

შემდეგ წერილი აღნიშნავს, რომ „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია „ფეისბუქზე“ ძალებს კვლავ იკრებს, ხოლო „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობის პირობებში, მავნე აქტორები ახერხებენ გვერდი აუარონ პოლიტიკური ხარჯების დეკლარირებისთვის საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ვალდებულებებს“.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. „ფეისბუქს” აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუქის“ ხელთ არსებული მექანიზმები“, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button