skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“: Facebook-მა წაშალა საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებელი კრემლისტური გვერდი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებით, Facebook-ის ადმინისტრაციამ საკუთარი პლატფორმიდან კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო News-Front Georgia-ს გვერდი და მასთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიისას დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ პირველ მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში, News-Front Georgia-ს და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებს Facebook-ზე 2019 წლის ნოემბრიდან აკვირდებოდა. პირველი მაისის მდგომარეობით, სოციალურ ქსელში News-Front Georgia-ს გვერდი აღარაა ხელმისაწვდომი.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ დაწერა, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ News-Front-ის გვერდი და ამ გვერდზე გამოქვეყნებული დეზინფორმაციის გამავრცელებელი 12 ყალბი ანგარიში წაშალა. „გასულ კვირაში ჩვენ მათ წინასწარ მივაწოდეთ ჩვენი მონიტორინგის შედეგები. დღეს კი – ეს 12 ანგარიში და რაც მთავარია, თავად News-Front Georgia ფეისბუქზე აღარ იძებნება“, – განაცხადა ბენიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, News-Front Georgia მიზანმიმართულ კამპანიას Facebook-ის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. კამპანია მიზნად ისახავდა საეჭვო, კოორდინირებული მოქმედებების გზით უთანხმოების გამოწვევას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღვივებასა და პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას.

ორგანიზაციის თქმით, News-Front-ის მასალები Facebook-ის 31 საჯარო ჯგუფში ვრცელდებოდა, რომელთაც ჯამში 521 240 წევრი ჰყავთ.

ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშის თანახმად, News-Front-ის ქსელს შოთა აფხაიძე მართავს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და, სავარაუდოდ, „ქართულ მარშთან“ აქვს კავშირები.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, News-Front კრემლისტური ქსელია, რომელმაც ქართულენოვანი ვერსია 2019 წლის ოქტომბერში, „საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე“ აამოქმედა.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, დეზინფორმაციული ქსელი სწორედ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად. თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, იგი მანამდე აამოქმედეს, რადგანაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ხელსაყრელი მომენტი გამოდგა.

ორგანიზაციის თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე News-Front Georgia „შენიღბულად უთხრიდა ძირს სახელმწიფოს მიერ ვირუსით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას და მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას. News Front-Georgia დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის დირექტორს პაატა იმნაძესაც“.

„მსოფლიო კრიზისის კვალდაკვალ, საქართველოში გააქტიურებული რუსული დეზინფორმაციის კამპანია ცდილობს არსებული რეალობის გაყალბებას, საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირების საჭიროების წარმოჩენას, შენიღბულად ესხმის თავს დემოკრატულ ინსტიტუტებს, ცდილობს საზოგადოების დახლეჩვას და ხელოვნურად ინსპირირებული თემებისთვის სოციალურ მედიაში ხილვადობის გაზრდას ხელოვნური ინტერაქციის გამოყენებით“, – წერს „სამართლიანი არჩევნები“.

ორგანიზაციამ იმ დეზინფორმაციულ ნარატივებზეც ისაუბრა, რომლებიც ამ ქსელის მიერ სოციალური მედიის გვერდებზე ვრცელდებოდა.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გავრცელებული გზავნილების უმეტესობა ამკვიდრებდა აზრს, რომ „ევროპა უძლურია“ გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. გზავნილის სათქმელი ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოება კარგს არაფერს მოუტანს და რომ საქართველოსთვის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი რუსეთთან დაახლოებაა.

კიდევ ერთი გზავნილის თანახმად, „საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში არა ლუგარის ლაბორატორია, ევროკავშირი ან ამერიკა, არამედ ჩინეთი ეხმარება, ხოლო ლუგარის ლაბორატორიის როლი ამ პროცესში გადამეტებულად არის წარმოჩენილი. ამასთან, საქართველო დასავლელმა მეგობრებმა მიატოვეს“.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, მედიაში მოქმედი პრორუსი მოთამაშეები ცდილობდნენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ტაძრების დახურვაზე უარის თქმით გამოწვეულ უთანხმოებაზე გაემახვილებინათ ყურადღება და აცხადებდნენ, რომ „ლიბერალები იბრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების წესის შესაცვლელად“.

„სამართლიანმა არჩევნებმა” აღნიშნა, რომ პრორუსული მედიასაშუალებები სოციალური მედიის სტანდარტების უხეში დარღვევით ცდილობდნენ ესარგებლათ საზოგადოებრივი მღელვარებით და ძირი გამოეთხარათ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button