ახალი ამბები

Facebook-მა „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ასობით ყალბი გვერდი წაშალა

Facebook-მა საქართველოში მეორე „წმენდა“ მოაწყო

Tags

სოციალური მედიის უდიდესმა ქსელმა Facebook-მა 5 მაისს განაცხადა, რომ ყალბი ანგარიშების წმენდის ფარგლებში, საკუთარი პლატფორმიდან ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რვა ქსელი წაშალა, რომელთაგანაც ორი საქართველოში მოქმედებდა.

Facebook-ის განცხადებით, ქართული ქსელები შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, მსგავსად აშშ-დან, მიანმარიდან და მავრიტანიიდან წაშლილი ქსელებისა. ამასთან, Facebook-მა თავისი პლატფორმიდან წაშალა რუსული და ირანული ანგარიშების ქსელიც, რომლებიც უცხოურ აუდიტორიაზე მუშაობდნენ. Facebook-ის თანახმად, რუსეთთან დაკავშირებული გვერდების სამიზნე ქართული საზოგადოებაც იყო.

„ესპერსონა“ – პროსამთავრობო ანგარიშები

Facebook-ის განცხადებით, საქართველოში წაშლილი პირველი ქსელი 511 გვერდს, 101 ანგარიშს, 122 ჯგუფსა და ინსტაგრამის 56 ანგარიშს მოიცავდა.  Facebook-ის თანახმად, აღნიშული ქსელი, „საქართველოში დაფუძნებულ მედიაკომპანია – Espersona-სთან იყო დაკავშირებული“.

სოციალური მედიის გიგანტის განცხადებით, „ესპერსონამ“ მომხმარებელთა ფართო აუდიტორიაზე მოიპოვა წვდომა. კერძოდ, მის მიერ მართულ ანგარიშებსა და გვერდებს 973 000 გამომწერი ჰყავდა, Facebook-ის ჯგუფები კი 1 508 000 ანგარიშს აერთიანებდა. ამასთან, „ესპერსონას“ მართულ ინსტაგრამის გვერდს 26 000 „მიმდევარი“ ჰყავდა.

Facebook-ისვე ინფორმაციით, სოციალურ პლატფორმაზე ამ ანგარიშებისა და გვერდების რეკლამირებისთვის დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების ლაბორატორიის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პირველი ქსელი ქართულ ოცნებასთან აფილირებულ „ესპერსონას“ ეკუთვნოდა და მათი სამიზნე პოლიტიკური ოპოზიცია, ჯანდაცვის სისტემის მესვეურები და დემოკრატიის მომხრე აქტივისტები იყვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ „მითების დეტექტორის“ლაბორატორიის 2019 წლის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, ონლაინგამოცემა „ესპერსონა“ ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგის კოკა ყანდიაშვილის მიერაა დაფუძნებული. ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოცემა Facebook-ის ჯგუფებსა და გვერდებს მართავს, რომლებიც მთავრობის ოპონენტების, კრიტიკულად განწყობილი მედიისა და სხვა აქტორების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ“.

ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული ანგარიშები

Facebook-ის განცხადებით, პლატფორმიდან წაშლილი მეორე ქართული ქსელი მოიცავდა „23 ანგარიშს, 80 გვერდს, 41 ჯგუფსა და ინსტაგრამზე 9 ანგარიშს“. სოციალური მედიის პლატფორმის გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ აღნიშნული ქსელი „პოლიტიკურ პარტია – ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულ პიროვნებებთანაა დაკავშირებული“.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულ პირებს, Facebook-ის ინფორმაციით, მათ მიერ მართული გვერდები დაახლოებით 785 000 ანგარიშს, Facebook-ის ჯგუფები კი 6300 ანგარიშს აერთიანებდა. ამასთან, აღნიშნული პირების მიერ მართულ ინსტაგრამის გვერდებს 6 400 გამომწერი ჰყავდათ.

Facebook-ის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა საკუთარი კონტენტის რეკლამირებაში დაახლოებით 23 800 აშშ დოლარი დახარჯეს. ამასთან, მათ 22 ონლაინ ღონისძიებას უმასპინძლეს, რომლებსაც ჯამში 11 600 მომხმარებელი გამოეხმაურა.

„News-Front“ – პროკრემლისტური გამოცემა

რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ ანგარიშებს, რომლებიც საქართველოზეც მუშაობდნენ – Facebook-ის განცხადებით, წაშლილია „46 გვერდი, 91 ანგარიში, 2 ჯგუფი და ინსტაგრამზე 1 ანგარიში.“ Facebook-ის განმარტებით, აღნიშული ქსელი ინფორმაციას რუსულად, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, უნგრულად, სერბულად, ქართულად, ინდონეზიურად და ფარსიზე ათავსებდა“.

Facebook-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშულ მოქმედებათა უკან იდგნენ ადამიანები რუსეთიდან, უკრაინის დონბასის რეგიონიდან და ყირიმიდან. Facebook-ის მიხედვით, ყირიმს უკავშირდება პლატფორმიდან წაშლილი მედია-ორგანიზაციების – „News-Front“ და „SouthFront“ – ანგარიშებიც.

საქართველოზე მომუშავე „News-Front“-ის და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ანგარიშის წაშლაზე პირველ მაისს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც“ (ISFED) განაცხადა. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, „News-Front Georgia“ კორონავირუსის პანდემიისას საქართველოში დეზინფორმაციას ავრცელებდა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ყალბი ანგარიშები და გვერდები Facebook-მა 2019 წლის დეკემბერშიც წაშალა. მაშინ პლატფორმიდან 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამზე მოქმედი 22 ანგარიში წაშალეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button