Placeholder canvas
ახალი ამბები

Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი გააუქმა

Facebook-მა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა, 20 დეკემბერს განაცხადა, რომ გააუქმა მის პლატფორმაზე არსებული ასობით გვერდი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ ქსელში შედიოდა. 

„დღეს ჩვენ Facebook-ზე გავაუქმეთ 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი, ასევე – 22 -ანგარიში Instagram-ზე, რომელიც საქართველოში შექმნილი, შიდა აუდიტორიაზე ორიენტირებული ქსელის ნაწილს წარმოადგენდა“, – განაცხადა Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლაიხერმა. 

„ეს გვერდები თავს ახალი ამბების სააგენტოებად, პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად, აქტივისტთა ჯგუფებად და მედია-ორგანიზაციებად ასაღებდნენ. ამ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდნენ ინფორმაციას საშინაო ამბების და პოლიტიკური საკითხების, მათ შორის, არჩევნების, მთავრობის პოლიტიკის და ოფიციალური პირების შესახებ, და ოპოზიციისა და აქტივისთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას აკრიტიკებდნენ“, – აღნიშნა გლაიხერმა. 

განცხადებაში FastNews.ge-ს სახელით მოქმედი, ყალბი მედიასაშუალების მუშაობის მაგალითიც არის მოყვანილი. 

Facebook-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ, „მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მდგომი პირები ცდილობდნენ დაემალათ თავიანთი იდენტობა და ერთმანეთთან კოოდრინაციის ფაქტი, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს საქმიანობა უკავშირდება სარეკლამო სააგენტო ‘პანდას’ და მთავრობას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობს“. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 422 300 მომხმარებელი ერთი ან მეტი გაუქმებული გვერდის მიმდევარი იყო, დაახლოებით 52 000 მომხმარებელი გაწევრიანებული იყო სულ მცირე ერთ გაუქმებულ ჯგუფში, 2 100 მომხმარებელი კი Instagram-ზე ერთი ან მეტი გაუქმებული ანგარიშის მიმდევარი იყო. 

Facebook-მა აღნიშნული გვერდები გამოავლინა გამოძიების ფარგლებში, რომელიც სავარაუდო „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ ეხებოდა, გამოძიების დროს კი საჯარო ცნობებსაც დაეყრდნო. 

განცხადებაში საუბარია გაუქმებული გვერდების ადმინისტრატორების მიერ რეკლამაზე დახარჯულ თანხებზეც და აღნიშნულია, რომ Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის ხარჯები 316 000 აშშ დოლარს არ აღემატებოდა და რომ ეს ეს ხარჯები მოიცავს როგორც ავთენტური, ისე არაავთენტური ანგარიშების სარეკლამო საქმიანობას. 

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ გამოვავლინოთ და შევაჩეროთ ამ ტიპის საქმიანობა, რადგანაც არ გვსურს, რომ ჩვენი სერვისები ადამიანების მანიპულირებისთვის გამოიყენებოდეს“, – აღნიშნა გლაიხერმა და დასძინა, რომ ამ გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების გაუქმება სწორედ ამ ტიპის საქმიანობის, და არა მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო მოხდა. 

„ყოველი ასეთ შემთხვევაში, ამ საქმიანობის უკან მდგომი პირები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ და, საკუთარი თავის შენიღბვის მიზნით, ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, და სწორად ეს გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი“, – განმარტა Facebook-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა.

მანვე აღნიშნა, რომ Facebook-ის სერვისებით ბოროტად სარგებლობა „მუდმივი გამოწვევაა“, რომელთან გასამკლავებადაც კომპანია გეგმავს, დახვეწოს ტექნოლოგიები, აიყვანოს დამატებითი თანამშრომლები, ასევე გაუმჯობესოს თანამშრომლობა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, უსაფრთხოების ექსპერტებსა და სხვა კომპანიებთან. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button