რესპუბლიკის ამბები

ხელისუფლება მუშებს სურსათით ეხმარება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 ივნისი, N143

შრომის სამინისტროში

მუშების მდგომარეობის გაუმჯობესება

შრომის სამინისტრომ ხაშურის ქალაქის თავს მიმართა თხოვნით. მიიღოს ზომები მუშების მდგომარეობის გასაუმჯობესებლათ, რომლებიც ახლა დიდ გაჭირვებას განიცდიან. სამუშაო ხელფასის მომატება მიზანს ვერ მიაღწია, ამიტომ საჭიროა დაუყონებლივ პურის, შაქრისა და სხვა საქონლის მომარაგება. ეს საქმე უნდა მოაწყოს ქალაქის საბჭომ, რომლმაც უნდა მიიღოს ზომები ქალაქის მუშებისა და მოსამსახურეთათვის სურსათის მისაწოდებლად. თუ საჭირო პროდუქტების უქონლობის გამო ამის განხორციელება ტეხნიკურად შეუძლებელი შეიქმნა, მაშინ ქალაქის საბჭოს ევალება მიმართოს შრომის სამინისტროსთან არსებულ მუშათა მაგიდას.

სოხუმის მუშები

შრომის სამინისტრომ სოხუმის შრომის კომისარს აცნობა, რომ უკვე გაცემულია განკარგულება მუშების და მოსამსახურეთა საჭიროებისათვის ორი ვაგონი სიმინდის გაგზავნის შესახებ. თითო სულს უნდა მიეცეს 1 გირვანქა ნახევარი მჭადი.

მსგავსი/Related

Back to top button