მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

ახალგაზრდა ივერიელი, 1990: ახალი კანონის წინააღმდეგ

რედაქციისგან: 1990 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტს“ სარედაქციო კოლეგიის ნაწილი გამოეყო. მათ დააარსეს კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც მალევე ჩადგა ეროვნული მოძრაობის რიგებში.

კონტექსტისთვის: საბჭოთა კავშირში მიმდინარე გარდაქმნის პოლიტიკა გულისხმობდა იმპერიის შიგნით მრავალი სხვადასხვა რეფორმის გატარებას, მათ შორის დემოკრატიის საბაზისო პრინციპების დამყარებასაც. წლიდან წლამდე ქვეყანა სუსტდებოდა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა კი ირღვეოდა. ამის საპასუხოდ, მოსკოვმა შეცვალა კონსტიტუცია ისე, რომ რესპუბლიკებს საბჭოთა კავშირიდან გასვლის ლეგალური შესაძლებლობა ფაქტობრივად გაუუქმა.

უფლება უპირობოა… განხორციელება?!

ახალგაზრდა ივერიელი, 14/04/1990

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

დეკარტეს უთქვამს, როგორ შეგიძლია ენდო იმას, ვინაც ერთხელ მოგატყუა… ქართველები კი განვაგრძობთ მინდობას, ალბათ ჩვენი ასეთი ხასიათის გამო…

ცენტრი დიდია, ჩვენ – პატარები, მაგრამ პატარებს ყოველთვის გააჩნიათ რაღაც ისეთი, რამაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს დიდების ნებისმიერი გამოგონება… საკავშირო უზენაისი საბჭოს სესიაზე კი უკვე მიღებულია ისეთი კანონები, რომლებიც წლობით გადასწევენ უკან საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას…

მე პირადად, ვწერ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩვენ სსრკ უმაღლეს ორგანოში რაიმეს შეცვლა შეგვიძლია, მაგრამ ამისწინანდელმა კონფერენციამ, რომელზეც ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ოპოზიციური ორგანიზაციები და საქართველოს ინტელიგენცია შეახვედრა, კიდევ ერთხელ გამიჩინა იმედი…

ამჯერად საუბარი იყო კანონპროექტზე, რომელსაც საბჭოთა კავშირიდან გასვლის მექანიზმს უწოდებენ.

ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა თქვა ამ კონფერენციაზე, იქნებ ბედნიერებიც ვართო არაიურისტები სესიაზე მოღებული კანონპროექტების აბსურდულობას ბოლომდე რომ ვერ ვწვდებითო… იქნებ ერთი-ორად უბედურები ვართ, რადგან ილუზიებიდან გამოსვლა არანაკლებ კოშმარულია მერე და მერე?! ბატონმა თენგიზ ბუაჩიძემ სამართლიანად უწოდა ამ კანონპროექტს “სსრკ-დან ვერგამოსვლის მექანიზმი.”

ერთადერთი განსახილველი საკითხი ამ კონფერენციაზე იყო ის თუ როგორი კანონი უნდა დავუპირისპიროთ, რათა ეს კანონპროექტი საქართველოში არ განხორციელდეს:

თენგიზ ლილუაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი: ჩვენი მოთხოვნა საშინაო თუ საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის სამართლიანი მოთხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნისათვის მხარის დაჭერა ზნეობრივი მოვალეობაა…

რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ? საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლში, რომელიც ზუსტად გამოხატავს საკავშირო კონსტიტუცის დებულების შინაარსს, აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს ფედერაციის გასვლის უფლებას. თუ მიღებულ იქნა ისეთი კანონი რომელიც აუქმებს ამ უფლებას ან ზღუდავს მას, საქართველო ავტომატურად იქნება გასული. აგრეთვე: საქართველოს კონსტიტუციაში ახალი რედაქციით 77-ე მუხლში წერია, რომ თუ საკავშირო საკანონმდებლო ნორმატიული აქტი არ გამოხატავს და არ შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს, უნდა აღიძრას საკითხი ამ კანონის მიმღები ორგანოს წინაშე, რომ შეცვალოს იგი ან გააუქმოს… წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმოქმედებს.

[…]

ზურაბ კიკნაძე, პროფესორი: თავისუფლება საკუთარი თვითნებობის ფანატიზმისა და ყოველგვარი დაზღვეულობის, ფატალიზმის დაძლევაა. ასეთი თავისუფლებაა ჭეშმარიტების პირმშო და არა პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჯერ ადამიანი შინაგანად უნდა განთავისუფლდეს და მერე მოითხოვოს დამოუკიდებლობა […]

ვინც ყოველ სიტყვას ამთავრებს „ჩვენთან არს ღმერთი“, ხოლო უმაღლეს მიზნად წარმავალს დასახავს, ვინც საშუალებას საღვთო მიზნად დასახავს ღმერთი მას არ შეეწევა. ჩვენი ეროვნული მოძრაობა განსაკუთრებული უნდა იყოს, რაკი ყველას უწერია პროგრამაში ქრისტიანული სახელმწიფო, თუ ეს გვსურს, მთელი შეგნებით უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ქრისტიანული სახელმწიფო. ქრისტიანები ოკუპირებულ ქვეყანაშიც შეგვიძლია ვიყოთ. თუ ამ ტანკების გარემოცვაში ვერ ვიქნებით ქრისტიანები, ვერ ქრისტიანულ ქვეყანას დავამყარებთ…

[…]

კონფერენციამ მიიჩნია, რომ სსრკ უმაღლესი საბჭოს მიერ „სსრკ-დან გასვლის მექანიზმის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებისა და განხილვის ფაქტი თავისთავად უკანონო აქტია, ვინაიდან მოკავშირე რესპუბლიკის კავშირიდან გასვლის უფლება არის უპირობო უფლება, რომლის განხორციელების წესის დადგენა მხოლოდ და მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკების პრეროგატივაა.

მაია ჭალაგანიძე

მსგავსი/Related

Back to top button