skip to content
ახალი ამბები

„კომეტების“ გამოყენებით რუსული ქალაქების სოხუმთან დაკავშირება იგეგმება

ყირიმის განვითარების ფონდის „ვიცე-პრეზიდენტმა“ ვასილი დიაჩენკომ 16 ოქტომბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თანამშრომლობის გეგმები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც იგეგმება საბჭოთა დროინდელი თბომავლების „კომეტას“ საზღვაო მარშრუტის აღდგენა, რომელიც ქალაქებს გელენჯიკ-ნოვოროსიისკ-სოჭი-სოხუმს დააკავშირებს. ამ გეგმების შესახებ სოხუმში, მე-4 ტურისტული ფორუმის „Visit Apsny“-ს პლენარულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიაჩენკომ აფხაზეთის „მნიშვნელოვან პოტენციალს“ და განსაკუთრებით მის ლოგისტიკურ უპირატესობებს გაუსვა ხაზი. მან საზღვაო გზით ტურისტების შემოდინების ზრდაში დახმარება შესთავაზა, კერძოდ თბომავლების „კომეტა“ გამოყენებით, რომლებიც ამჟამად გელენჯიკი-ნოვოროსიისკი-სოჭის მარშრუტზე ოპერირებენ.  დიაჩენკომ ისაუბრა შემდეგი სეზონისთვის ამ მარშრუტის სოჭიდან სოხუმის მიმართულებით გაფართოებაზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას აფხაზეთში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ წინადადებაზე სოხუმის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დიაჩენკომ აღნიშნა, რომ ყირიმში არის ხომალდები, რომლებიც ოდესღაც ნახევარკუნძულის ქალაქებს აკავშირებდა, მაგრამ ამჟამად ნავიგაცია შეჩერებულია და შესაძლოა მომავალ სეზონზეც შეჩერებული იყოს. „ამ გემებს რაღაც უნდა მოვუხერხოთ და გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ტურისტების ნაკადის ზრდას აფხაზეთში. სავარაუდოდ, იმ ძველ ისტორიას აღვადგენთ, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვაო ქალაქები ერთმანეთს „კომეტებით“ უკავშირდებოდნენ. დიაჩენკოს თქმით, „აფხაზეთს ახლა შეუძლია მაქსიმალურად გაზარდოს ტურისტული ნაკადი“, რადგან სამხრეთ რუსეთში უახლოესი აეროპორტი სოჭის სიახლოვეს მდებარეობს.

დიაჩენკომ ასევე ხაზი გაუსვა „აფხაზეთის სტუმართმოყვარეობას, უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობასა და ბუნებრივ სილამაზეს“, თუმცა აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონი მთელი წლის განმავლობაში არ გრძელდება. ამ შეზღუდვის გადასაჭრელად, იგი ტურიზმის სექტორის დივერსიფიკაციის, კერძოდ გამაჯამსაღებელი ტურიზმის განვითარების ინიციატივით გამოვიდა.

ტურისტული ფორუმი „Visit Apsny

აფხაზეთის ტურიზმის კავშირი, რომლის თანაორგანიზატორიც „სოხუმის მერიაა“, ყოველწლიურ ფორუმს მართავს, რომელიც რეგიონში მთელი წლია მანძილზე ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული. ღონისძიებაში მონაწილეობენ „ტურიზმის ექსპერტები“ როგორც რუსეთიდან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდან. წელს ღონისძიება 16-18 ოქტომბერს იმართება.

ღონისძიებაზე ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას. თამილა მერცხულავამ, აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ტურიზმი „ეკონომიკის განვითარების პერსპექტიული სექტორია“.

აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა სერგეი შამბამ ტურიზმის სფეროში მიღწეული პროგრესი აღნიშნა და „ზამთრის ტურიზმის გამოუყენებელ პოტენციალზე” გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ტურიზმის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

რუსეთის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონში, მიხეილ შურგალინმა „რუს ტურისტებს შორის აფხაზეთის მზარდ პოპულარობას“ გაუსვა ხაზი და ეს როგორც რეგიონის ბუნებრივ სილამაზეს, ასევე „რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას“ დაუკავშირა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button