skip to content
ახალი ამბები

სოხუმი საერთაშორისო აეროპორტის გახსნას 2025 წელს გეგმავს

ოკუპირებილი აფხაზეთის „ტურიზმის მინისტრმა“ თეიმურაზ ხიშბამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს გაიხსნება. მან ეს განცხადება ყაზახეთში ტურიზმის პირველ საერთაშორისო ფორუმზე „არასტაბილურ მსოფლიოში ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგია“ გამოსვლისას გააკეთა.

ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააჟღერა გეგმები აეროპორტის აღდგენისა და ფრენების დაწყების შესახებ. მანამდე, სოხუმში აცხადებნენ, რომ აეროპორტი პირველ ფრენებს 2024 წლის იანვარს განახორციელებდა. ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ 26 ივლისს მოსკოვსა და სოხუმს შორის სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. სექტემბერში აფხაზეთის „ეკონომიკის სამინისტრომ“ განაცხადა, რომ აეროპორტის რეკონსტრუქციის მიზნით რუსი ინვესტორების განაცხადების მიღებას იწყებდა. შეთანხმებას აფხაზეთში უთანხმოება მოყვა, რადგანაც გაირკვა, რომ პროექტის დამფინანსებელი რუსი ინვესტორი უპრეცედენტო პრივილეგიებით ისარგებლებდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, ოკუპირებული რეგიონის „ტურიზმის მინისტრის მოადგილემ“ დმიტრი ზანტარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ყაზახეთის მანგუსტაუს ოლქის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან, მაულენ გაბდულკალიევთან „სამომავლო თანამშრომლობის განხილვის მიზნით“.

„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხი მიღებისთანავე აისახება სტატიაში.  

სოხუმის აეროპორტი, რომელიც აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობისაა, ქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ის 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წელს დახურვამდე დღეში სეზონზე 5 000 მგზავრამდე იღებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button