აფხაზეთის „პარლამენტმა“ სოხუმის აეროპორტის აღდგენის თაობაზე რუს ინვესტორთან შეთანხმება დაამტკიცა
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ 26 ივლისს მოსკოვსა და სოხუმს შორის სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
შეთანხმებას 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგში მოეწერა ხელი. დოკუმენტი რუსული იურიდიული პირის მიერ აეროპორტის რეკონსტრუქციისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას არეგულირებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც „სამთავრობათაშორისო“ კომისია გამოავლენს, „სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის სახით“ განხორციელდება. ხელშეკრულების რატიფიცირებიდან 20-30 დღეში გენერალური გეგმა დამტკიცდება.
ოკუპირებული რეგიონის „ეკონომიკის მინისტრმა“, კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ პროექტს რუსეთის იურიდიული პირი დააფინანსებს.
მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზები უზრუნველყოფენ „სპეციალურ საინვესტიციო რეჟიმს, რომელიც მოიცავს გარანტიებს ინვესტორებისთვის საინვესტიციო სუბიექტების საკუთრებაზე, ასევე საინვესტიციო რეჟიმის პირობების შენარჩუნებაზე პროექტის განხორციელების პერიოდში“. გარდა ამისა, სოხუმი ინვესტორს გადასახადებზე შეღავათებს სთავაზობს.
„აეროპორტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აეროდრომსა და აეროდრომის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ყველა ობიექტს სახელმწიფო შეინარჩუნებს. ამასთან, ინვესტორი ამ ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას საკუთარი ხარჯებით დააფინანსებს. ასევე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი – ძველი აეროპორტის ტერმინალის კომპლექსი“, – განაცხადა ოზგანმა.
დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „ეს არის სოციალური პროექტი“, რადგან ის არ არის მომგებიანი ინვესტორისთვის. მათ სოხუმისთვის „გარკვეულ რისკებსა“ და არარუსული ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის არარსებობაზეც მიუთითეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დამფინანსებელი რუსი ინვესტორი უპრეცედენტო პრივილეგიებითა და შეღავათებით ისარგებლებს. მათ შორის:
– აეროპორტის აღდგენისა და ოპერირებისთვის საჭირო ყველა სამშენებლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის საავიაციო საწვავი და საჰაერო ხომალდების შენახვისთვის საჭირო სპეციალური სითხეები, გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.
– ინვესტორი გათავისუფლდება ქონებისა და მოგების გადასახადებისგან 25 წლამდე პერიოდით.
– მოხმარებული ელექტროენერგიისთვის ინვესტორი გადაიხდის ტარიფს, რომელიც იურიდიულ პირთა ყველაზე პრივილეგირებულ კატეგორიაზე ვრცელდება, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები.
ინვესტორის ვინაობა კონფიდენციალურია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არის ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, რომელიც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ.
შეთანხმების რატიფიცირებას ოკუპირებული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს 30 წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მან კატეგორიულად დაგმო ეს გადაწყვეტილება და რუსეთის „უკანონო ქმედება“ უწოდა.
I strongly condemn and protest the decision by so-called parliament of temporarily occupied Abkhazia to transfer strategic location – Sokhumi airport to ??
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 27, 2023
Illegal act by Russia that requires a categorical and firm reaction of the international community! #AbkhaziaIsGeorgia
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)