skip to content
რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მთავრობამ გაზეთი „კომუნისტი“ დახურა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 ივლისი, N132

გაზ. „კომუნისტი“-ს დახურვის გარშემო

საბჭოთა მთავრობასთან ზავის ჩამოგდების შემდეგ ადგილობრივ კომუნისტებს ნება მიეცა გაზ. „კომუნისტი“-ს გამოცემისა. მოსალოდნელი იყო, რომ კომუნისტები შეურთდებოდენ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას და ხელს შეუწყობდენ რუსეთსა და ქართველ ხალხთა შორის კეთილ მეზობლური განწყობილების განმტკიცებას.

კომუნისტები წინააღმდეგ გზას დაადგენ. თავის ორგანიზაციაში თავს უყრიდენ უცხოელ მოქალაქეებს, აგრეთვე შეუდგენ ჯარში მუშაობას და ცდილობდენ ჩვენი ფრონტის დასუსტებას აზერბაიჯანის და აჭარელ მეამბოხეთა წინააღმდეგ, რომელთაც „სედაი მილეთის“ ჯგუფი მეთაურობს და პანთურქისტებისაგან შესდგება.

მთავრობამ ხელთ იგდო მეტათ საყურადღებო დოკუმენტი, რომლისგანაც აშკარაა, რომ ღალატი, რომელიც ჩაიდინა სათადარიგო ჯარის კაცთა ჯგუფმა, მიატოვა რა ფრონტი აჭარელ მეამბოხეთა წინააღმდეგ და მით საფრთხეში ჩააგდო ხულოში ჩვენი მოქმედი ჯარის ნაწილი, კომუნისტების ზეგავლენით მომხდარა.

5 ივნისს სადგურ ნატანებში დაპატიმრებული იქნა ტფილისიდან ბათუმში მიმავალი სოფიო პრესმანი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ორი მოწოდება ხელმოწერილი რუსეთის კომუნისტური პარტიის ბათუმის კომიტეტის მიერ. ერთი მიმართულია საქართველოს მთავრობის და მეორე ინგლისელთა წინააღმდეგ.

ამ მოწოდებაში ისინი ურჩევენ ქართველ მუშებსა და გლეხებს ხელი გაუწოდონ რუსეთის საბჭოთა მთავრობას საქართველოს მთავრობის დასამხობათ. პერსმანმა განაცხადა, რომ ფურცლები მან მიიღო ტფილისში გაზეთ „კომუნისტი“-ს სტამბაში, ხოლო ვისგან მიიღო ან ვისთან მიჰქონდა, ამის გამჟღავნება არ მოისურვა, მაგრამ თანვე დასძინა, რომ ყველაფრის გაგება შეიძლება საქართველოს კომუნისტურ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში.

აშკარაა, ფურცლები მიჰქონდა ბათუმში ადგილობრივ კომუნისტთა დავალებით. გაზეთი „კომუნისტი“ კიდევ უფრო შორს წავიდა. მან მოინდომა ოსეთში მოთარეშე ბრბოების გამოსვლა გამოეყენებინა რესპუბლიკის დასამხობათ, მან მოითხოვა ოსეთის ბრბოების თვითგამორკვევა, ხოლო გავლენიანი კომუნისტები ამასვე ითხოვდნენ აჭარისა და აფხაზეთისათვის. მათი გეგმის განხორციელება მოასწავებდა საქართველოსაგან განაპირა კუთხეების ჩამოშორებას, რაიც რესპუბლიკისათვის საბედისწერო შეიქმნებოდა.

მთავრობამ დახურა გაზეთი „კომუნისტი“ და რესპუბლიკის აშკარა მოწინააღმდეგეთა ასალაგმავად მიიღო შესაფერი ზომები.

მსგავსი/Related

Back to top button