რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ხაჯარატ ახვლედიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მახლობლად 2024 წლის 28 თებერვალს დააკავეს, ხოლო გიორგი რომელაშვილი საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, 2024 წლის 25 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ორივე მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/10/2024- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 05/10/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 30/09/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)