ძველი ამბები

სახალხო თეატრის მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

Tags

ჟურნ. თეატრი და ცხოვრება, 1919 წლის 26 მაისი, N19

ასოცი წლის წინეთ საქართველოს თავისუფლება ყაჩაღურად წაართვეს, ხელებზე ხუნდები დაადვეს და ბაგე ბოქლომით დაურაზეს.

შესწყდა ეროვნული სიცოცხლის მაჯის ცემა და მიჯაჭული ამირანის გმინვაღა ისმოდა.

უცხო, ტლანქი ძალა მაჯლაჯუნასავით დააწვა ქართველი ხალხის გულს და სუს უხუთავდა. და რომ სულ მოესპოთ ჩვენში ეროვნული სულის კვეთება, მისი მისწრაფება თავისუფლების დაბრუნებისადმი, საჭირო შეიქმნა ჩვენი გადარჯულება, დამახინჯება, ენისა და ზნე ჩვეულებების მოსპობა.

მოგვესპო ყოველგვარი საღსარი თვითმოქმედებისა, ეროვნულ სწავლა-განათლებისა და თვით ქართულად ლაპარაკისაც.

ამ აუტანელმა და შავბნელმა დრომ ათქმევინა ჩვენს სულმნათ აკაკის:

„ჩვენებურ ჰანგზე მომართეთ ჩანგი,

გადმოაკეთეთ ჩვენი ხმებიო

და გვიგალობეთ ქებათა-ქება

ჩვენ ბატონი ვართ და თქვენ ყმებიო!“

მართლაც მიაღწია მიზანს ჩვენი ვერაგი ბატონის შავ-ბნელმა მუშაობამ:

ხალხი უმეცრებამ და გულგრილობამ შეიპყრო, ჩვენი ახალგაზრდობა გადაგვარების გზას დაადგა და ქართველი ხალხის ცხოვრება ჭაობს დაემსგავსა. ხალხის ფართო მასსაში თითქმის სამუდამოდ მოკვდა მისწრაფება ეროვნულ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი.

მაგრამ გამოჩდნენ რჩეულნი ქართველნი, რომელნიც კარგად ხედავდნენ, თუ რა ყოფაში იყო ჩავარდნილი ჩვენი ერი და რა მოუვიდოდა მას, თუ ის მდგომარეობა გაგრძელდებოდა. სცადეს ხმის ამაღლება, მოიწადინეს ეთქვათ ერისათვის სიმართლე და აეხილათ მისი მოხუჭული თვალი ეროვნული შეგნებისა. მაგრამ ძლიერმა ბატონმა მყისვე ჩაახშო მათი სიტყვა სათქმელი!

სცადეს მწერლობით მაინც გაეგებინებიათ თანამოძმეთათვის ყოველივე, მაგრამ წყეული „ტვინმეისტერი“ შეუბრალებლად ანადგურებდა მათ ნაშრომს და ხალხის ყურამდის ვეღარ აღწევდა სისხლ-ცრემლით შეზავებული ძახილი ქვეყნის მოჭირნახულეთა.

და გამართლდა თქმულება: „გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო“, ჩვენმა მოღვაწეებმა იპოვეს საშუალება ხალხთან საბაასოდ, გამონახეს გზა მისი მიყუჩებული ეროვნული გრძნობისაკენ.

ეს გზა, ეს საშუალება იყო სახალხო სცენა, სახალხო თეატრი.

ხალხმა სცენის საშუალებით გაიგონა ამბავი ჩვენი ქვეყნისა, აქ იგრძნო მან სიბეჩავე თავისი მდგომარეობისა, აქ ესმოდა მას ქართული ცოცხალი სიტყვა, ქართული აზრი.

ჩვენი ხალხი ინსტინქტით მიხვდა თეატრის მნიშვნელობას ჩვენში და მიესია მას, შეიყვარა სულით და გულით. არც მოსტყუვდა! თანდათან გაიღვიძა მასში მიძინებულმა გრძნობებმა, ეროვნულმა თავმოყვარეობამ, თანდათან შეეჩვია ფიქრს და აზროვნებას თავისი ქვეყნის ბედიღბალზე. სახალხო სცენამ მოამზადა ნიადაგი დიდი მოძრაობისთვის და ასპარეზი გაუშალა უახლოესი თაობის დემოკრატიის სარბიელზე ფართო მუშაობას.

ყველამ უწყის, რომ უკანასკნელი 30 წლის მოძრაობას მხარში უდგა სახალხო თეატრი და იგი ერთი უმთავრესი იარაღია ახალი აზრების გავრცელებისა და გრძნობათა გაღვიძებისათვის. 

და იმ გამარჯვებაში, რომელიც მოიპოვა ქართველმა ერმა 26 მაისს. ჩვენს სახალხო თეატრს უდიდესი წილი უდევს რომელსაც არავინ არ უარჰყოფას.

ამიტომაც არის, რომ ჩვენი ხალხი დღეს ასეთი სიყვარულით ეპყრობა მას, რომ ასეთის გულმოდგინებით მუშაობას ჩვენი ახალი თაობა ამ ტაძარში. კარგად იცის მან, რომ ამ გზით შეიძლება გაღრმავება იმ შეგნების, რომელიც აღუძრა სახალხო სცენამ ქართველ ხალხს, რომ იგი ითამაშებს დიდ როლს მომავალშიაც.

და მართლაც, თუ წარსულში ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა სახალხო სცენას ჩვენში, არა ნაკლები მნიშვნელობა ეძლევა მას დღეს, როდესაც გვჭირდება მთელი ჩვენი ენერგიის გამოჩენა მოპოვებულ გამარჯვების და თავისუფლების შესანარჩუნებლად.

ერთად ერთი საწინდარი ჩვენი გამარჯვებისა მომავალში არის შეგნება და კულტურული განვითარება ჩვენი ხალხის, რომელიც საკმაოდ ჩამორჩენილია ძველი ბატონების ძალადობის მეოხებით.

უძლეველია ერი, რაც უნდა პატარა იყოს იგი, თუ მასში ძლიერია ეროვნული თავისუფლების შეგნება და თავმოყვარეობა.

და თუ გინდა, ვსძლიოთ ყოველგვარ ხიფათს მომავალში, უნდა ყოველი საშუალებით ავამაღლოთ ეს შეგნება, გავუღვიძოთ ხალხს ძლიერი და კეთილშობილური გრძნობა ეროვნული თავმოყვარეობისა.

ამისათვის კი ერთი ძლიერი იარაღთაგანია სახალხო თეატრი და ჩვენც ეს იარაღი ჯეროვანად უნდა გამოვიყენოთ, მარჯვედ უნდა ვიხმაროთ, ვით ბასრი ხმალი.

თავისუფალ საქართველოში თავისუფალ სახალხო თეატრს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ეძლევა, ვიდრე იყო უწინ: იგი არის უდიდესი ფაქტორი ჩვენი ხალხის კულტურული, გონებრივი და სულიერი აღზრდისა.

ამიტომ გვიყვარს ჩვენ იგი, ამიტომ ვევლებით თავს, ამიტომ ვსწირავთ მას ჩვენს ძალღონეს და კვლავაც შევსწირავთ!

ვისაც ძალღონე შესწევს, ვისაც გული უძგერს ჩვენი ერის გათვიცნობიერებისათვის, ყველა უდნა შემოკრბეს სახალხო თეატრის გარშემო და ხელი მოჰკიდოს ჩვენი ცხოვრების გზის მანათობელ ლამპარს!

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

გაუმარჯოს ჩვენს სახალხო თეატრს!

ჭიათურელი მოკეთე

მსგავსი/Related

Back to top button